2026 წლის აპრილის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილები

საქართველოს პარლამენტმა მიიღო მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რაც მიზნად ისახავს სავიზო პროცედურების მოდერნიზაციას და ქვეყანაში დისტანციურად მომუშავე პირების მოზიდვას. მთავარი სიახლე C5 კატეგორიის ორდინალური ვიზის შემოღებაა, რომელიც იმ უცხოელებისთვის იმოქმედებს, რომლებსაც საქართველოში ტურისტული მიზნით ყოფნა და პარალელურად არარეზიდენტი დამსაქმებლის სასარგებლოდ დისტანციური საქმიანობის განხორციელება სურთ. აღნიშნული კატეგორიის ვიზა მფლობელსა და მისი ოჯახის წევრებს საშუალებას აძლევს, საქართველოში უწყვეტად ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

კანონში ასევე დაზუსტდა მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზების გაცემის წესი, რომელთა მოქმედების ვადა ხუთ წლამდე განისაზღვრა. ამასთან, გამარტივდა ელექტრონული ვიზების გაცემის პროცედურა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური პორტალის მეშვეობით, რაზეც გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში უნდა იქნეს მიღებული. აღსანიშნავია, რომ გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელი ხდება ვიზის დაჩქარებული წესით მიღებაც, რაც საქართველოში შემოსვლის მსურველთათვის ბიუროკრატიულ ბარიერებს საგრძნობლად ამცირებს.

ცვლილებები ეხება გასაჩივრების წესსაც, კერძოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებიდან ან საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე ვიზის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილება გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

ცვლილებები შეეხო სახელმწიფო ბაჟის ოდენობასაც. კერძოდ, სპეციალური ვებგვერდის მეშვეობით ელექტრონული ვიზის გაცემისთვის მოსაკრებელი განისაზღვრა 20-დან 500 აშშ დოლარამდე ფარგლებში. ბაჟის კონკრეტულ ოდენობას, ისევე როგორც დაჩქარებული მომსახურების საფასურს, დაადგენს საქართველოს მთავრობა შესაბამისი ნორმატიული აქტით.

ცვლილებები ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 15 აპრილს.

“შრომითი მიგრაციის შესახებ” კანონში ცვლილები

ცვლილებები შევიდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა იმ პირთა წრე, ვისზეც შრომითი მიგრაციის მკაცრი რეგულაციები აღარ ვრცელდება. კერძოდ, სპეციალური ნებართვების გარეშე მუშაობის უფლება მიეცათ პირებს, რომლებიც საქართველოში საჯარო დაწესებულებების ან სახელმწიფო საწარმოების სასარგებლოდ საქმიანობენ, ასევე მათ, ვინც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციაშია ჩართული. გარდა ამისა, გამონაკლისებში მოხვდნენ მსხვილი და საშუალო კატეგორიის საწარმოების ხელმძღვანელები და მმართველობითი რგოლის წარმომადგენლები, რაც ბიზნესსექტორისთვის დამატებითი შეღავათია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დისტანციურად მომუშავე პირებსა და ე.წ. ფრილანსერებს. კანონი ახლებურად განმარტავს თვითდასაქმებულ უცხოელს და ადგენს, რომ შრომითი მიგრაციის რეგულაციები არ ეხება პირებს, რომლებიც ადგილობრივი დამსაქმებლისთვის სრულად დისტანციურად მუშაობენ და მათ საქართველოში ფიზიკურად შემოსვლა არ სჭირდებათ. ასევე, გამონაკლისი გავრცელდა იმ უცხოელებზე, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, მაგრამ მომსახურებას არარეზიდენტი პირის სასარგებლოდ, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქმიანობისთვის ეწევიან.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა „მოკლევადიანი პროფესიული საქმიანობის“ ცნების შემოღება. ეს გულისხმობს კონკრეტულ პროექტებთან ან ღონისძიებებთან დაკავშირებულ საქმიანობას, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია ყოველგვარი შრომითი ბინადრობის ნებართვის გარეშე, მხოლოდ დროებითი ვიზიტის ფარგლებში. ასეთი პირები აღარ მიიჩნევიან შრომით იმიგრანტებად, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მათ მიმართ არსებულ ბიუროკრატიულ მოთხოვნებს. ამავდროულად, მთავრობას მიენიჭა უფლებამოსილება, თავად განსაზღვროს იმ დოკუმენტაციის ნუსხა და კრიტერიუმები, რომელთა წარდგენაც აუცილებელი იქნება შრომითი ან სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისას.

ცვლილებები ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 15 აპრილს.