2026 წლის მაისის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

სათამაშო ბიზნესის რეგულირების მიზნით განხორციელებული ცვლილებები

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების პაკეტი, რომელიც მოიცავს ცვლილებებს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონში და “ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ” საქართველოს კანონში, სათამაშო ბიზნესის რეგულირების კუთხით ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს: ფინანსური სანქციების გაზრდას და ნებართვის გაუქმების გამარტივებულ მექანიზმს. მნიშვნელოვნად გაიზარდა საჯარიმო სანქციები სანებართვო პირობების დარღვევისთვის. ახალი რედაქციით, სამორინის მოწყობის ნებართვის მფლობელისა და ონლაინ (სისტემურ-ელექტრონული) თამაშების ორგანიზატორებისთვის ჯარიმა 20 000 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სათამაშო აპარატების სალონების, აზარტული კლუბებისა და აზარტული და მომგებიანი თამაშების მიმწოდებლებისთვის სანქციამ 10 000 ლარი შეადგინა.

ფინანსურ სანქციებთან ერთად, კანონმდებლობა მკაცრ პირობას უყენებს სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებს ნებართვის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. თუ ნებართვის მფლობელმა, ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, არ შეასრულა სანებართვო პირობები, ნებართვის გამცემი იღებს გადაწყვეტილებას ნებართვის გაუქმების შესახებ.

ორივე კანონი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, 2026 წლის 16 ივნისიდან.

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები

„ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებები ტურისტული საქმიანობის სუბიექტების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას, რისკის შემცველი მომსახურებების სერტიფიცირებას, აგრეთვე კანონიდან გამომდინარე მოთხოვნების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დადგენას ითვალისწინებს.

ახალი რეგულაციის მიხედვით, ყველა ტუროპერატორი, ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) და ტურისტული გიდი ვალდებულია დარეგისტრირდეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ წარმოებულ სპეციალურ ბაზაში. ბაზრის მოთამაშეებს ასევე ეკისრებათ ვალდებულება, ადმინისტრაციას წერილობით შეატყობინონ საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან ნებისმიერი სარეგისტრაციო მონაცემის ცვლილების შესახებ. ამ წესის დარღვევა და ბაზაში რეგისტრაციის გარეშე მუშაობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორება — 1 000 ლარით.

ცვლილებები ასევე რისკის შემცველ (მათ შორის, სათავგადასავლო და ექსტრემალურ) ტურისტულ მომსახურებებს შეეხო. საქართველოს მთავრობა დადგენილებით დაამტკიცებს ასეთი მომსახურებების ნუსხას და იმ სფეროებს, სადაც პერსონალის სერტიფიცირება სავალდებულო იქნება. ამასთან, რისკის შემცველი ტურების მიმწოდებლებს მოეთხოვებათ პროფესიული ან სამოქალაქო პასუხისმგებლობის სადაზღვევო პოლისის ქონა. შესაბამისი სერტიფიკატის გარეშე ასეთი საქმიანობის განხორციელება გამოიწვევს პირველად დაჯარიმებას 3 000 ლარის, ხოლო განმეორების შემთხვევაში — 6 000 ლარის ოდენობით. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დარღვევისთვის კი დაწესდა გაფრთხილება ან ჯარიმა 1 500 ლარის ოდენობით, რაც განმეორებისას 3 000 ლარამდე იზრდება. უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე საქმიანობის წესს მთავრობა ცალკე დადგენილებით განსაზღვრავს.

საკანონმდებლო ცვლილებით დეტალურად გაიწერა რეგულაციების ამოქმედების გარდამავალი ვადებიც, რათა ბიზნესს ადაპტაციისთვის დრო მიეცეს. ბაზაში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის სანქციები ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან, ხოლო უშუალოდ რისკის შემცველი ტურების უსერტიფიკატოდ მოწყობისთვის ჯარიმები 2027 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. ტუროპერატორების გადახდისუუნარობისგან დაცვის ფინანსური გარანტიების მექანიზმები და მასთან დაკავშირებული სანქციები კი საბოლოოდ 2030 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდება. კანონი ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 29 მაისს.

„კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №102 დადგენილებაში ცვლილები

ცვლილებები შევიდა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №102 დადგენილებაში. იცვლება პროგრამის განმახორციელებელი სუბიექტი და ის „აწარმოე საქართველოდან“ გადავიდა სააქციო საზოგადოება „ეკონომიკის განვითარების კორპორაციაში“.

ამასთანავე გაფართოვდა კორპორაციის უფლებამოსილებების ფარგლები. კორპორაციას, ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმებით, ეძლევა უფლება თავად განსაზღვროს პროგრამის კომპონენტების დამატებითი პირობები და მოთხოვნები ბიზნესსუბიექტებისა თუ საბროკერო კომპანიებისთვის.

იმ განცხადებებზე, რომელიც 2024 წლის 5 აგვისტომდე იქნა წარდგენილი სუბიექტების მიერ, ვისი შემოსავალიც აღემატებოდა 60 მლნ ლარს ან საქმიანობდნენ ფინანსურ სექტორში, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ვალდებულია დაასრულოს აღნიშნული განცხადებების განხილვა და დაფინანსების პროცედურები.  იმ მსხვილი სუბიექტების განაცხადები რომელთაც განაცხადი

ახალმა კორპორაციამ არ უნდა გასცეს თანხა იმ კომპანიებზე, რომელთა თანადაფინანსება კონკრეტული პროსპექტის ფარგლებში უკვე სრულად დაფარა დონორმა ორგანიზაციამ.

ცვლილება ძალაში შევიდა 2026 წლის 22 მაისიდან.