2026 წლის ივლისის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა
საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
2026 წლის 30 ივლისის №361 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია საინვესტიციო ფონდების დაფუძნებისა და საქმიანობის ხელშეწყობა და ბიზნესისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა.
პროგრამა ითვალისწინებს საინვესტიციო ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების, მართვის საკომისიოსა და ტექნიკური დახმარების ხარჯების თანადაფინანსებას, ასევე საგარანტიო მექანიზმის გამოყენებას. ამასთან, პროგრამის ფარგლებში სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას“ შესაძლებლობა ეძლევა თავადაც განახორციელოს ინვესტიცია საინვესტიციო ფონდის კაპიტალში წილობრივი მონაწილეობის გზით. პროგრამით მხარდაჭერილი საინვესტიციო ფონდის კაპიტალის არანაკლებ 80% საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებში უნდა იქნეს ინვესტირებული.
პროგრამა მოიცავს ორ ძირითად მიმართულებას:
საინვესტიციო ფონდის საქმიანობის ხელშემწყობი მექანიზმები, რომელიც შედგება 4 კომპონენტისგან:
- საწყისი ხარჯების თანადაფინანსება ფონდის დაფუძნებისას (50%-მდე, არაუმეტეს 300 000 ლარისა)
- საგარანტიო კომპონენტი (ინვესტორების დანაკარგის შემცირებისთვის)
- მართვის საკომისიოს თანადაფინანსება (მოზიდული კაპიტალის მოცულობის მიხედვით 0.7%-დან 1.5%-მდე წლიურად, მაქსიმუმ 3 მლნ ლარი ერთ ფონდზე)
- ტექნიკური დახმარების კომპონენტი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, რომლებშიც ფონდმა განახორციელა ინვესტიცია (მაქსიმუმ 150 000 ლარი ერთ საწარმოზე)
- საინვესტიციო ფონდის კაპიტალში ინვესტირება — კორპორაცია თავად ხდება ფონდის თანაინვესტორი (წილის მფლობელი), კონკურსის ან პირდაპირი შეთავაზების გზით.
დადგენილების დანართში ჩამოთვლილია აკრძალული სფეროები (თამბაქო, იარაღი, აზარტული თამაშები, რელიგიური/პოლიტიკური ორგანიზაციები და სხვ.), რომლებშიც ინვესტირება არ დაიშვება.
დადგენილება ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე — 2026 წლის 3 აგვისტოს.
საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა
2026 წლის 30 ივლისის №362 დადგენილებით საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა „საერთაშორისო ვაჭრობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია საქართველოში წარმოებული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე რეალიზაციის ხელშეწყობა ლოგისტიკური ხარჯების თანადაფინანსების გზით.
პროგრამა ითვალისწინებს პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე გადაზიდვისა და დასაწყობების ხარჯების 50%-მდე თანადაფინანსებას. ამასთან, საერთაშორისო ბაზარზე პროდუქციის პირველად გატანის შემთხვევაში გადაზიდვის ხარჯების თანადაფინანსებამ შესაძლოა 100% შეადგინოს. თითოეული კომპონენტის ფარგლებში ერთი ბენეფიციარისთვის წლიური თანადაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 50,000 ლარია. პროგრამაში ჩართვა ღიაა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ამასთან განმცხადებლის წინა წლის შემოსავალმა 60 მილიონ ლარს არ უნდა გადააჭარბოს. გარდა ამისა, კომპანიას არ უნდა ჰქონდეს დაუფარავი საგადასახადო დავალიანება, არ უნდა იყოს მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული და არ უნდა ჰქონდეს წარსულში შეუსრულებელი ვალდებულება ან შეწყვეტილი მონაწილეობა სხვა სახელმწიფო პროგრამებში, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“ ან საკრედიტო საგარანტიო სქემა.
დადგენილება ძალაში შევიდა 2026 წლის 31 ივლისს, გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს საკითხზე სასამართლოს ჩარევის მასშტაბზე
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2026 წლის 10 ივლისს მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა №ას-655-2025 საქმეში პირგასამტეხლოს პირობის განმარტების, მისი დარიცხვის პერიოდისა და სასამართლოს მიერ შემცირების წინაპირობების შესახებ.
საქმის გარემოებების მიხედვით, ხელშეკრულება ითვალისწინებდა სამუშაოს შესრულების ვადის დარღვევისთვის ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს.
საკასაციო სასამართლოს წინაშე დასმული ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო, წარმოადგენდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული 0.1%-იანი პირგასამტეხლო ერთჯერად სანქციას, თუ იგი უნდა დარიცხულიყო ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ ხელშეკრულების პირობის შინაარსი არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობით. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს მხარეთა ნამდვილი ნება, ხელშეკრულების მთლიან შინაარსთან, მიზანთან და მხარეთა შემდგომ ქცევასთან ერთობლიობაში.
სასამართლოს შეფასებით, 1 064 757 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებთან მიმართებით ხელშეკრულების ღირებულების მხოლოდ 0.1%-ის ერთჯერადი პირგასამტეხლო პრაქტიკულად ვერ შეასრულებდა პირგასამტეხლოს პრევენციულ და პასუხისმგებლობის უზრუნველმყოფ ფუნქციას. ამასთან, მხარეთა შორის არსებული დავა უშუალოდ ეხებოდა შესრულების ვადის ხანგრძლივობასაც, რაც დამატებით მიუთითებდა, რომ მხარეები პირგასამტეხლოს დარიცხვას თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეს უკავშირებდნენ.
შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეთა ნამდვილი ნება იყო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
გადაწყვეტილების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სასამართლოს განმარტება სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენებასთან დაკავშირებით.
უზენაესმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სასამართლოს შეუძლია შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება, თუმცა ასეთი უფლებამოსილების გამოყენება ავტომატურად არ ხდება. მხოლოდ ის გარემოება, რომ პირგასამტეხლო მაღალია, მის შემცირებას არ ამართლებს — იგი კონკრეტული დარღვევის მიმართ შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს.
ამასთან, განსაკუთრებით მეწარმე სუბიექტებს შორის დავისას, პირგასამტეხლოს შემცირება მოითხოვს მოვალის მხრიდან კვალიფიციურ და არგუმენტირებულ შედავებას. მხარემ უნდა მიუთითოს, რატომ არის მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერი და რა გარემოებები ამართლებს მის შემცირებას.
მოცემულ საქმეში შემსრულებელს პირგასამტეხლოს შემცირება არც შესაგებლით მოუთხოვია და არც მისი შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა გაუხდია სადავოდ. შესაბამისად, უზენაესი სასამართლოს შეფასებით, ქვედა ინსტანციის სასამართლოებს არ ჰქონდათ საფუძველი საკუთარი ინიციატივით ემსჯელათ პირგასამტეხლოს შემცირებაზე.
