2026 წლის მარტის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა
ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში
ცვლილებები ავტოსატრანსპორტო საშუალებების აქციზის განაკვეთებში
2026 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები შეიტანა საგადასახადო კოდექსში. ცვლილებები ძირითადად ეხება მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრის წესს მათი ასაკისა და საჭის მდებარეობის მიხედვით.
ცვლილებების მიხედვით:
- 0-დან 6 წლის ჩათვლით ასაკის ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრა 1.50 ლარით ძრავის მოცულობის ყოველ 1 სმ³-ზე, ხოლო 6 წელზე უფრო გვიან გამოშვებული ავტომობილებისთვის — 4.50 ლარით;
- 0-დან 6 წლამდე ასაკის მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილების შემთხვევაში, აქციზის განაკვეთი 60 პროცენტით მცირდება;
- მარჯვენასაჭიანი ან საჭეგადატანილი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი შეადგენს სტანდარტული განაკვეთის სამმაგ ოდენობას;
- მარჯვენასაჭიანი ან საჭეგადატანილი ელექტროძრავიანი ავტომობილებისთვის აქციზის განაკვეთი განისაზღვრა ფიქსირებული 3,000 ლარით;
- ავტომობილის წლოვანება განისაზღვრება, როგორც სხვაობა დაბეგვრის (ან იმპორტის) წელსა და გამოშვების წელს შორის;
- ძველი ტარიფით დაიბეგრება ის ავტომობილები, რომელთა ტრანსპორტირება ან რეგისტრაცია დაიწყო 2026 წლის 2 აპრილამდე (შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის პირობით).
კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 2 აპრილიდან.
სხვა საკანონმდებლო სიახლეები
საქართველოს კანონი „ფაქტორინგის შესახებ“
2026 წლის 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „ფაქტორინგის შესახებ“, რომელიც ოფიციალურად გამოქვეყნდა 2026 წლის 6 აპრილს. ახალი საკანონმდებლო აქტი საქართველოში პირველად ქმნის ფაქტორინგის საქმიანობის ერთიან და სპეციალურ სამართლებრივ ჩარჩოს.
კანონი განსაზღვრავს ფაქტორინგის ცნებას, მის მონაწილე მხარეებს, მათ უფლებებსა და მოვალეობებს, გარიგების ფორმას, რეგისტრაციის წესებს, აგრეთვე ფაქტორინგული კომპანიებისა საქმიანობის საფუძვლებს. კანონის მიზანია დაარეგულიროს ისეთი გარიგებები, როდესაც ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი მოთხოვნის დათმობა ხდება მესამე პირზე შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ.
კანონის მიხედვით, ფაქტორინგი არის გარიგება, რომლის საფუძველზეც ძირითადი ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დებიტორული დავალიანება გადაეცემა ფაქტორს და აღნიშნული გადაცემა რეგისტრირდება სპეციალურ რეესტრში. რეგისტრაციის შედეგად მოთხოვნაზე საკუთრების უფლება გადადის ფაქტორზე.
ფაქტორინგის განხორციელების უფლება ექნებათ მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ სუბიექტებს. ასეთებად კანონი ასახელებს კომერციულ ბანკებს, მიკრობანკებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს და ფაქტორინგულ კომპანიებს. თავის მხრივ ფაქტორინგული კომპანია უნდა იყოს მხოლოდ შეზღუდული პასუხისმგებლობის ან სააქციო საზოგადოების ფორმით შექმნილი იურიდიული პირი და რეგისტრირებული საქართველოს ეროვნულ ბანკში. კანონი ასევე ადგენს, რომ ასეთი კომპანიის მინიმალური განაღდებული და საკუთარი კაპიტალი უნდა შეადგენდეს არანაკლებ 300,000 ლარს.
ახალი რეგულაცია ითვალისწინებს ფაქტორინგული პლატფორმის ინსტიტუტსაც. ეს არის ელექტრონული პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ფაქტორინგული გარიგებების ორგანიზება, დაფინანსების მოძიება და გარიგებების ავტომატიზებული ფორმით განხორციელება. პლატფორმებიც დაექვემდებარებიან რეგისტრაციასა და ზედამხედველობას.
კანონი ქმნის ასევე ფაქტორინგის რეესტრს, რომელსაც აწარმოებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. რეესტრში აისახება ინფორმაცია ფაქტორინგის ხელშეკრულებების, მოთხოვნების გადაცემის, მხარეების, ანაზღაურებისა და ვალდებულების შესრულების შესახებ. მხოლოდ ფაქტორს ექნება უფლება მიმართოს რეესტრს შესაბამისი გარიგების რეგისტრაციის მიზნით.
კანონი ითვალისწინებს ფაქტორინგის რამდენიმე ფორმას. კერძოდ, შესაძლებელია როგორც რეგრესის უფლებით გაფორმებული ფაქტორინგი, როდესაც მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ფაქტორს მოთხოვნა შეუძლია მოთხოვნის დამთმობს წარუდგინოს, ისე რეგრესის უფლების გარეშე ფაქტორინგი. დამატებით რეგულირდება ე.წ. რევერსიული ფაქტორინგიც, რომლის ინიციატორი თავად მოვალეა.
ფაქტორინგული კომპანიებისა და პლატფორმების ზედამხედველ ორგანოდ განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელსაც მიენიჭა რეგისტრაციის, კონტროლის, დამატებითი მოთხოვნების დაწესებისა და სანქციების გამოყენების უფლებამოსილება. კანონი ასევე ითვალისწინებს ანგარიშგების, შიდა კონტროლის, აუდიტისა და ფულის გათეთრების პრევენციასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს.
კანონის თანახმად, მისი გარდამავალი და ორგანიზაციული დებულებები ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, ხოლო ძირითადი ნორმები, რომლებიც ფაქტორინგის საქმიანობის რეალურ განხორციელებას შეეხება, ძალაში შევა 2027 წლის 1 იანვრიდან. ამავე ვადამდე საქართველოს ეროვნულ ბანკს ევალება მიიღოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებიც დაარეგულირებს რეგისტრაციის, ანგარიშგების, კაპიტალის მოთხოვნებისა და სხვა პრაქტიკულ საკითხებს.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სტაბილური ვირტუალური აქტივების პირველად შეთავაზებაზე ახალი რეგულაცია მიიღო
2026 წლის 6 მარტს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №52/04 ბრძანებით დამტკიცდა ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზების წესი, რომელმაც საქართველოში სტაბილური ვირტუალური აქტივის (ე.წ. stablecoin) გამოშვებისა და შეთავაზების სამართლებრივი ჩარჩო დეტალურად დაარეგულირა.
აღნიშნული წესი ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებსაც სურთ სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვება და მისი პირველად შეთავაზება საქართველოში. რეგულაციის მიხედვით, სტაბილური ვირტუალური აქტივის პირველადი შეთავაზება ეროვნული ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დაუშვებელია, რაც ნიშნავს, რომ ბაზარზე მსგავსი პროდუქტის განთავსება მხოლოდ წინასწარი ზედამხედველობისა და შესაბამისობის შემოწმების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
წესი სტაბილურ ვირტუალურ აქტივად მიიჩნევს ისეთ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივს, რომლის ღირებულება მიბმულია ქართულ ლარზე, უცხოურ ვალუტაზე ან სხვა აქტივზე და რომლის სტაბილურობა უზრუნველყოფილია შესაბამისი სარეზერვო აქტივებით. ამით ეროვნული ბანკი ქმნის მკაფიო სამართლებრივ განსხვავებას ჩვეულებრივ კრიპტოაქტივებსა და ღირებულების სტაბილურობის შენარჩუნებაზე ორიენტირებულ ტოკენებს შორის.
რეგულაციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ ემიტენტს ნებისმიერ დროს უნდა გააჩნდეს ისეთი მოცულობის სარეზერვო აქტივები, რომლებიც სრულად ფარავს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალურ ღირებულებას. ამასთანავე, დაწესებულია მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნაც, რომელიც 500,000 ლარს შეადგენს, ხოლო საქმიანობის მოცულობის ზრდასთან ერთად კაპიტალის მოთხოვნებიც იზრდება.
მნიშვნელოვანი სიახლეა მომხმარებლის გამოსყიდვის უფლების მკაფიო რეგულირებაც. სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს საკუთარი აქტივის შესაბამის ღირებულებაში გამოსყიდვა, ხოლო ემიტენტი ვალდებულია ეს მოთხოვნა კანონით განსაზღვრულ ვადებში შეასრულოს.
რეგულაცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს კორპორაციულ მართვას, შიდა კონტროლს და გამჭვირვალობასაც. მსხვილი ემიტენტებისთვის სავალდებულოა მმართველობითი სტრუქტურაში სამეთვალყურეო საბჭოს, აუდიტის მექანიზმები და რისკების მართვის სისტემების არსებობა. გარდა ამისა, კომპანიებს ეკისრებათ ვალდებულება რეგულარულად გამოაქვეყნონ ინფორმაცია რეზერვების მოცულობისა და სტრუქტურის შესახებ, ასევე წარადგინონ კვარტალური და წლიური აუდიტირებული ანგარიშგება.
სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვებამდე ემიტენტმა უნდა მოამზადოს სპეციალური შეთავაზების დოკუმენტი, რომელიც ეროვნულ ბანკთან შეთანხმებას ექვემდებარება. აღნიშნულ დოკუმენტში უნდა აისახოს ინფორმაცია ემიტენტის, ტოკენის ტექნოლოგიური მოდელის, რეზერვების, რისკების, გამოსყიდვის პირობებისა და მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების შესახებ. ეს მოთხოვნა ემსახურება იმას, რომ პოტენციურმა მომხმარებელმა ან ინვესტორმა გადაწყვეტილება სრულყოფილი ინფორმაციის საფუძველზე მიიღოს.
აღნიშნული წესის გარდამავალი დებულებები ადგენს, რომ რეგულაცია გავრცელდება მისი ამოქმედების შემდეგ განხორციელებულ პირველად შეთავაზებებზე. იმ პროვაიდერებს, რომლებიც უკვე საქმიანობდნენ ამ სფეროში, მიეცემათ ექვსთვიანი ვადა საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისობის მასალების წარსადგენად.
