ცვლილება საგადასახადო კოდექსში
2025 წლის 26 ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომელიც შეეხო 188-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ აქციზის განაკვეთებს თამბაქოს ნაწარმზე.
ცვლილების თანახმად გაიზარდა აქციზის გადასახადი იმპორტირებულ და მსხვილი წარმოების თამბაქოს ნაწარმზე, თუმცა შეიქმნა შეღავათიანი აქციზის გადასახადი მცირე ადგილობრივი მწარმოებლებისთვის.
- ადგილობრივ მცირე წარმოებად ჩაითვალა წელიწადში 35 მლნ კოლოფამდე სიგარეტის წარმოება – აღნიშნული კატეგორიისთვის აქციზის ფიქსირებული განაკვეთი განისაზღვრა 30 ლარით (20 ღერზე) ნაცვლად 1.90 ლარისა.
- იმპორტირებული სიგარეტისთვის, ასევე სიგარეტის მსხვილი ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში (ე.ი. 35 მლნ კოლოფი და მეტის წარმოება) აქციზის ფიქსირებული განაკვეთი განისაზღვრა 2.75 ლარით (ნაცვლად ძველი 1.90 ლარისა).
- გასახურებელი თამბაქოსთვის აქციზის ფიქსირებული განაკვეთი განისაზღვრა 2.70 ლარით (ნაცვლად ძველი 1.85 ლარისა).
ცვლილება ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში
საქართველოს 2025 წლის 11 დეკემბრის #322 ბრძანებით ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში. აღნიშნული ცვლილება ეხება თამბაქოს ნაწარმის აქციზით დაბეგვრის წესებს.
ცვლილების მიხედვით დგინდება აქციზის გამოანგარიშების ახალი ფორმულა სხვადასხვა ტიპის თამბაქოსთვის:
- ჩვეულებრივი სიგარეტის და გასახურებელი თამბაქოსთვის აქციზის გადასახადი იქნება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთს დამატებული საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20%.
- ადგილობრივი წარმოების სიგარეტისთვის, რომელსაც აწარმოებს ადგილობრივი მწარმოებელი (რომლებიც წელიწადში 35 მლნ კოლოფზე ნაკლებს აწარმოებენ) შეღავათიანი პირობაა გათვალისწინებული — საქართველოს საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთს დამატებული საცალო ფასის 15%.
“კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები
“კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ” კანონში 2025 წლის 15 დეკემბერს შესული ცვლილებებით მკაცრდება უსაფრთხოების სფეროში მომუშავე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების პირობები.
კანონი აწესებს ვალდებულებას, რომ ლიცენზიის გაცემამდე (ორგანიზაციისთვის) ან მცველის მოწმობის გაცემამდე (ფიზიკური პირისთვის), მონაცემები გადამოწმდეს ერთიან საინფორმაციო ბაზაში. ეს ბაზა მოიცავს ინფორმაციას პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, დაავადებულნი არიან ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით.
ცვლილება შეეხება დაცვითი ორგანიზაციის ხელმძღვანელებს, ასევე მცველებს: მცველის მოწმობის აღებამდე მათი ჯანმრთელობა დაექვემდებარება გადამოწმდებას.
მათთვის, ვინც უკვე მუშაობენ დაცვის სფეროში, 2027 წლის 1 იანვრამდე მოხდება ხელახალი გადაამოწმება და თუ გამოვლინდა შეუსაბამობა, კანონის შესაბამისად მოხდება რეაგირება.
ცვლილება “საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონში
2025 წლის 17 დეკემბერს ცვლილება შევიდა “საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონში.” კანონით დაწესდა „სახელმწიფო ამზომველის“ ინსტიტუტი. სახელმწიფო ამზომველი იქნება სააგენტოში დასაქმებული, მაღალკვალიფიციური და სერტიფიცირებული პირი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ტოპოგრაფიულ, გეოდეზიურ და საკადასტრო სამუშაოებზე, ასევე შენობა-ნაგებობების შიდა აზომვებზე.
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ახალი ფუნქციები ემატება კერძოდ, კარტოგრაფიული და გეოინფორმაციული სერვისების გაცემა, კერძო სექტორის მიერ შესრულებული აზომვითი სამუშაოების ზედამხედველობა, ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების წარმოება.
კანონით განისაზღვრა, რომ 2025 წლის 31 დეკემბერს სისტემური რეგისტრაციის პროცესი სრულდება. 2026 წლის ივნისიდან სააგენტო გადადის სპორადულ რეგისტრაციაზე, რაც გულისხმობს მოქალაქეების ინდივიდუალურ მიმართვებზე რეაგირებას, მათ შორის თვითნებურად დაკავებული მიწების აღიარების პროცესში.
ცვლილება “ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში
“ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” კანონში 2025 წლის 17 დეკემბერს შეტანილი ცვლილებებით, სახელმწიფომ დააწესა ახალი ადგილობრივი მოსაკრებელი, რომელიც საშუალებას აძლევს მშენებელს/დამკვეთს, უფრო სწრაფად დაასრულოს ბიუროკრატიული პროცესი, თუ ის სამართალდარღვევას აღიარებს.
ახალი ტიპის მოსაკრებელი წესდება მათთვის, ვინც აწარმოებდა უნებართვო მშენებლობას თუ სამართალდამრღვევი აღიარებს დარღვევას, მას შეუძლია გადაიხადოს მოსაკრებელი და დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი აქტი. მოსაკრებლის გადამხდელი შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი ან ამხანაგობა.
კანონი ადგენს მოსაკრებლის ზედა ზღვარს: დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი (როგორც ექსპლუატაციაში მიღებისას, ისე სამართალდარღვევის აღიარებისას) არ უნდა აღემატებოდეს 40 000 ლარს. რაც შეეხება მოსაკრებლის კონკრეტულ ოდენობასა და გადახდის წესს, აღნიშნული საკითხი თავად მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომპეტენცია იქნება.
ამავე ცვლილებით დადგინდა, რომ შენობის ექსპლუატაციაში მიღების დაჩქარებული მომსახურების საფასურის მაქსიმალური ოდენობა 40 000 ლარი იქნება. ეს არ ეხება განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციულ ან ბირთვულ ობიექტებს.
კანონი ძალაში შევა 2026 წლის იანვრის ბოლოს (გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს).
ცვლილება „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“
საქართველოს პარლამენტმა 2025 წლის 17 დეკემბერს ცვლილება შეიტანა კანონში – „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტში“. მისი მთავარი არსი არის ამ კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანოს შეცვლა და რეგისტრაციის პროცედურების დეტალური გაწერა.
ცვლილებამდე არსებული წესებისგან განსხვავებით, მთელი პროცესის მართვა (რეგისტრაცია, კონტროლი, ანგარიშების მიღება) გადადის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის და გენერალური აუდიტორის კომპეტენციაში.
კანონის მიხედვით განისაზღვრება აგენტად რეგისტრაციის პირობა, კერძოდ პირი, რომელიც ხდება „უცხოური პრინციპალის აგენტი“, ვალდებულია 10 დღის ვადაში მიმართოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. რეგისტრაციისას პირმა უნდა წარადგინოს სრული ინფორმაცია:
- მისამართების, პარტნიორების, მფლობელების შესახებ.
- საქმიანობის არსის და თანამშრომლების სიის შესახებ.
- ბოლო 60 დღის განმავლობაში მიღებული ნებისმიერი შემოსავლის, შემოწირულობის ან მატერიალური ფასეულობის შესახებ, რომელიც მიღებულია უცხოური წყაროდან.
- დანახარჯების შესახებ ინფორმაცია, განსაკუთრებით თუ ეს პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდებოდა.
თუ აგენტი ავრცელებს რაიმე მასალას, მასზე თვალსაჩინოდ უნდა ეწეროს, რომ ის გავრცელებულია „უცხოური პრინციპალის აგენტის მიერ“. მასალის ეგზემპლარი გავრცელებიდან 48 საათში უნდა გაეგზავნოს აუდიტის სამსახურს.
იქმნება ყველასთვის ხელმისაწვდომი ელექტრონული მონაცემთა ბაზა ინტერნეტში, ასევე წესდება სასჯელი და სანქციები, კერძოდ კანონის დარღვევებისთვის (ინფორმაციის დამალვა, მცდარი მონაცემები, რეგისტრაციაზე უარი) დაწესდა ჯარიმა 10 000 ლარამდე, ან თავისუფლების აღკვეთა 6 თვიდან 5 წლამდე დარღვევის სიმძიმის შესაბამისად.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის 2026 წლის 2 მარტიდან.
საკონსტიტუციო სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2025 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სამოქალაქო კოდექსის სადავო ნორმები ძალაში იქნა დატოვებული. დავის საგანს წარმოადგენდა სამოქალაქო კოდექსის ორი კონკრეტული ჩანაწერი, რომლებიც მოსარჩელეების აზრით, დისკრიმინაციული იყო და არღვევდა თანასწორობის უფლებას. კერძოდ, სადავოდ იყო გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის კონსტიტუციურობის საკითხი, რომლის მიხედვითაც შეზღუდვა ვრცელდება მხოლოდ კერძო პირებზე („მევახშეებზე“), ხოლო ბანკები, მიკროსაფინანსოები და საკრედიტო კავშირები ამ ლიმიტისგან გათავისუფლებულები არიან.
ასევე სადავოდ იყო გამხდარი სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის კონსტიტუციურობა, რომლის მიხედვითაც როდესაც მსესხებელი ვეღარ იხდის ვალს და მისი იპოთეკით დატვირთული ქონება იყიდება აუქციონზე, კერძო პირების და კვალიფიციური საფინანსო ინსტიტუტების მიმართ რეგულირება განსხვავებულია. კერძოდ, კერძო პირის შემთხვევაში, თუ ბინის გაყიდვით მიღებული თანხა ვერ ფარავს მთლიან ვალს, ვალი მაინც გასტუმრებულად ჩაითვლება და კრედიტორს არ აქვს უფლება, გადახდევინება მიაქციოს მოვალის სხვა ნივთებზე, ხელფასზე ან სხვა ქონებაზე, ხოლო საფინანსო ინსტიტუტის შემთხვევაში, თუ ბინის გაყიდვა ვალს არ ჰყოფნის, მათ აქვთ უფლება მოითხოვონ მოვალის სხვა აქტივების (ხელფასის, ავტომობილის, სხვა მიწის ნაკვეთის) გაყიდვა ვალის სრულად დაფარვამდე.
მოსარჩელეთა პოზიციით ეს ჩანაწერი ბანკის კლიენტებს „დაუცველს“ ტოვებს, მაშინ როცა კერძო პირისგან სესხის ამღები პირი გარანტირებულია, რომ მხოლოდ იპოთეკის საგნით აგებს პასუხს.
საკონსტიტუციო სასამართლომ ალექსანდრე კოხიასა და კახაბერ გოგოძის სარჩელი არ დააკმაყოფილა რამდენიმე არგუმენტზე დაყრდნობით:
შესადარებელი ჯგუფების „არსებითი უთანასწორობა“
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ის პირები, რომლებიც სესხს იღებენ ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ქვეშ მყოფი სუბიექტებისგან (ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები) და ისინი, ვინც სესხს იღებენ კერძო პირებისგან (ე.წ. „მევახშეებისგან“), არ წარმოადგენენ არსებითად თანასწორ სუბიექტებს.
სასამართლოს განმარტებით, ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და კვალიფიციური საფინანსო ინსტიტუტები ექვემდებარებიან „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ მკაცრ წესებს. ისინი ვალდებულნი არიან შეამოწმონ მსესხებლის შემოსავლები, რათა პირი ჭარბვალიანობაში არ ჩავარდეს. კერძო გამსესხებლების შემთხვევაში კი ასეთი კონტროლი არ არსებობს, რის გამოც სახელმწიფო იძულებულია მათზე დააწესოს ბლანკეტური შეზღუდვები (პროცენტის ზედა ზღვარი, ქონების ჩამორთმევის ლიმიტი), რათა მოქალაქეები კაბალური პირობებისგან დაიცვას.
ფინანსური სტაბილურობის ინტერესი
სასამართლომ გაიზიარა მოპასუხისა და ეროვნული ბანკის არგუმენტი, რომ საბანკო სექტორისთვის შეზღუდვების დაწესება (მაგალითად, იმის აკრძალვა, რომ ბანკმა აღსრულება სხვა ქონებაზეც მიმართოს, თუ იპოთეკის საგანის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ აღმოჩნდება ვალდებულების დასაფარად) საფრთხეს შეუქმნიდა მეანაბრეების ინტერესებს, ასევე სესხებზე ხელმისაწვდომობას. ასეთი შეზღუდვის პირობებში ბანკს ექნებოდა დანაკარგი, შედეგად, ბანკი და მის უკან მდგომი მეანაბრეები აღმოჩნდებიან დაუცველ მდგომარეობაში. გარდა ამისა, თუ ბანკს შეეზღუდებოდა დანაკარგის ამოღების მექანიზმი, იგი იძულებული გახდებოდა, გაცილებით ნაკლები სესხი გაეცა ან მოეთხოვა ბევრად მეტი უზრუნველყოფა (მაგალითად, ბინის ღირებულების მხოლოდ 50%-ის სესხი გაეცა).
სახელმწიფოს ზედამხედველობის განსხვავებული მეთოდი
სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ორივე შემთხვევაში ახორციელებს კონტროლს, თუმცა განსხვავებული მეთოდებით:
ა) კერძო პირებთან მიმართებით კონტროლი ხდება უშუალოდ კანონით დაწესებული აკრძალვებით (სამოქალაქო კოდექსის სადავო მუხლები); ბ) ბანკებთან მიმართებით კი კონტროლი ხდება ეროვნული ბანკის რეგულაციებით, რომელიც უფრო მოქნილია და სისტემურ სტაბილურობას ემსახურება.
თანასწორობის პრინციპი
სასამართლომ მიიჩნია, რომ დიფერენცირება კერძო გამსესხებლების და საბანკო-საფინანსო სექტორის გამართლებულია ლეგიტიმური საჯარო მიზნით — ფინანსური სისტემის მდგრადობის შენარჩუნებით. მომხმარებელთა დაცვა ბანკების შემთხვევაში ხდება არა ხისტი პროცენტული ზღვრით, არამედ გამჭვირვალობის, კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სხვა მექანიზმებით.
შედეგად, სასამართლომ ჩათვალა, რომ არსებული კანონმდებლობა არ არის დისკრიმინაციული, რადგან განსხვავებული მიდგომა გამომდინარეობს თავად საფინანსო ინსტიტუტების სპეციფიკიდან და ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის საჭიროებიდან.


