ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში
საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე პირებისათვის თანხის დაბრუნების ახალი წესი
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის №37 ბრძანებით, ცვლილება შევიდა გადასახადების ადმინისტრირების წესში. ცვლილება ეხება იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც სარგებლობენ საშემოსავლო გადასახადის შეღავათით.
ცვლილების მიხედვით:
(ა) პირი, რომელსაც ეკუთვნის საგადასახადო შეღავათი, მაგრამ დამქირავებელმა (სამსახურმა) მას გადასახადი მაინც დაუკავა, უფლებამოსილია მოითხოვოს ამ თანხის უკან დაბრუნება პირად საბანკო ანგარიშზე;
(ბ) თუ პირი არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, თანხის დასაბრუნებლად მან უნდა გაიაროს რეგისტრაცია ფიზიკურ პირად;
(გ) თანხის მისაღებად პირმა უნდა შეავსოს სპეციალური განცხადება (დანართი №II-08⁷), სადაც მიუთითებს საბანკო ანგარიშს. ამ განცხადებით იგი ასევე იძლევა თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების გადამოწმებაზე ბანკთან;
(დ) თანხის დაბრუნება განხორციელდება ყოველი თვის 20 რიცხვში, საგადასახადო ბარათზე არსებული ზედმეტობის ფარგლებში;
(ე) საგადასახადო ორგანოს უფლება ეძლევა, პირის ნაცვლად თავად გამოითხოვოს შეღავათის დამადასტურებელი საბუთები შესაბამისი უწყებებიდან;
ცვლილების ძირითადი ნაწილი სრულად ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან.
ცვლილება გადასახადის გადამხდელთა რეგისტრაციისა და დისტანციური მომსახურების წესში
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 27 თებერვლის №61 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ №996 ბრძანებაში.
ბრძანება ეხება ფიზიკური პირების დისტანციურ რეგისტრაციას და იურიდიული პირების მიერ ავტორიზებული გვერდის (პორტალის) მართვის უსაფრთხოებას.
ბრძანება აზუსტებს საგადასახადო ორგანოსთან ელექტრონული კომუნიკაციის წესებს. ცვლილების მიხედვით:
(ა) ფიზიკურ პირებს (გარდა ინდ. მეწარმისა) უკვე ოფიციალურად შეუძლიათ საგადასახადო აღრიცხვაზე დადგნენ ვიდეოზარის ან დისტანციური იდენტიფიკაციის სერვისით, ნაცვლად ფიზიკური გამოცხადებისა;
(ბ) საგადასახადო აღრიცხვისთანავე, პირი ავტომატურად გადადის კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე. მომხმარებლის სახელი და დროებითი პაროლი მას ტელეფონზე SMS-ის სახით მიუვა;
(გ)კომპანიებისთვის (იურიდიული პირებისთვის), რომელთაც რამდენიმე ხელმძღვანელი ჰყავთ, შემოსავლების სამსახურის პორტალის პაროლის აღდგენა ან ტელეფონის ნომრის შეცვლა შეეძლება მხოლოდ იმ პირს, რომელიც საჯარო რეესტრის ავტორიზებულ გვერდს მართავს;
(დ)შემოსავლების სამსახური ინფორმაციას უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირების შესახებ პირდაპირ საჯარო რეესტრისგან მიიღებს, რაც გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირების მიერ კომპანიის მონაცემებზე წვდომას.
ბრძანება ძალაში შევა გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს, ანუ 2026 წლის 1 აპრილიდან.
სხვა საკანონმდებლო სიახლეები
ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
საქართველოს პარლამენტის მიერ 2026 წლის 4 მარტს მიღებული კანონით, ცვლილება შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ცვლილება მიზნად ისახავს მეწარმე სუბიექტების პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფას და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვას, რისთვისაც აწესებს ახალ სანქციებს ბიზნეს სექტორისთვის პოლიტიკური აქტივობის გამო და ამკაცრებს პასუხისმგებლობას სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარებისთვის.
ცვლილების მიხედვით:
(ა) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება ახალი სამართალდარღვევა (მუხლი 153¹³) – მეწარმე იურიდიულ პირებს ეკრძალებათ საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ უკავშირდება მათ ძირითად სამეწარმეო საქმიანობას. ამ წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით;
(ბ) განისაზღვრება პოლიტიკური აქტივობის დეფინიცია, კერძოდ პოლიტიკურ აქტივობად მიიჩნევა ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს გავლენის მოხდენას ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე საშინაო/საგარეო პოლიტიკის შეცვლის ან გატარების მიზნით;
(გ) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად ჩაითვლება სამართალდარღვევის ჩადენა კონსტიტუციური წყობილების ან სახელმწიფო ორგანოების არაღიარების მოტივით;
(დ) აღნიშნულ დარღვევაზე (პოლიტიკური აქტივობა) ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ხოლო საქმეს განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო 7 დღის ვადაში.
კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 4 მარტს.
ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა სრულიად ახალი მუხლები, რომლებიც აწესებს მკაცრ პასუხისმგებლობას პოლიტიკურ აქტივობაზე, გრანტების მიღებასა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე.
ცვლილების მიხედვით:
(ა) ნებისმიერი დანაშაული, რომელიც ჩადენილია კონსტიტუციური წყობილების ან ორგანოების არაღიარების მოტივით, ითვლება დამამძიმებელ გარემოებად. ასეთ შემთხვევაში, მოსამართლე ვალდებულია დანიშნოს სასჯელი, რომელიც სულ მცირე 1 წლით აღემატება მუხლით გათვალისწინებულ მინიმალურ ვადას;
(ბ) დანაშაულად განისაზღვრება მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ სისტემატური მოწოდება, ალტერნატიული ორგანოების შექმნა ან საკუთარი თავის თვითნებურად ხელისუფლების წარმომადგენლად წარმოჩინება. აღნიშნული ქმედებებისთვის სასჯელი განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთით ვადით 3 წლამდე.
(გ) უცხოური გრანტის მთავრობის უნებართვოდ მიღებისთვის ან მისი გამოყენებისთვის პოლიტიკური მიზნებისთვის, ასევე „თვალთმაქცური“ გარიგებებით დაფინანსების მიღებისთვის, სასჯელის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა თავისუფლებლის აღკვეთით 6 წლამდე ვადით;
(დ) თუ სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც უკვე დაჯარიმდა ადმინისტრაციულად პოლიტიკური აქტივობისთვის, კვლავ გააგრძელებს ასეთ საქმიანობას, იურიდიული პირი ან მისი ხელმძღვანელი დაისჯება სხვადასხვა სასჯელით, მათ შორის თავისუფლების აღკვეთით 3-დან 4 წლამდე, ხოლო თავად იურიდიულ პირს ემუქრება ლიკვიდაცია;
(ე) პოლიტიკური პარტიის მიერ უცხოური წყაროებიდან (სხვა სახელმწიფო, უცხოური კომპანია და ა.შ.) ნებისმიერი შემოწირულების მიღება ისჯება 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
კანონი ავალდებულებს ყველას, ვისაც უკვე აქვს მიღებული გრანტი, 1 თვის ვადაში მიმართოს მთავრობას ნებართვის მისაღებად. უარის მიღების ან მიუმართავობის შემთხვევაში, გრანტის გამოყენება დაისჯება სისხლის სამართლის წესით.
კანონი ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 4 მარტს.
ცვლილება ქონების შეფასების მომსახურების საფასურებსა და ვადებში
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 13 თებერვლის №1183 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურების ოდენობისა და გადახდის, აგრეთვე მმართველის და ზედამხედველის ფუნქციების შესრულებისათვის საზღაურის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 30 ივლისის №144 ბრძანებაში.
ბრძანება ეხება აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ქონების (ნივთისა და არამატერიალური ქონებრივი სიკეთის) შეფასების მომსახურების პირობებს.
ბრძანება აზუსტებს საფასურის გადახდისა და მომსახურების ვადების ათვლის წესს. ცვლილების მიხედვით:
(ა) თითოეული გასული პერიოდის (წარსული თარიღით) მდგომარეობით ქონების შეფასების მომსახურების საფასური ორმაგდება;
(ბ) მომსახურების საფასურის ფიქსირებული ან მინიმალური ნაწილი გადაიხდება განცხადების წარდგენისას, ხოლო დარჩენილი თანხა — დასკვნის მომზადების შემდეგ, მის გატანამდე;
(გ) ვადების ათვლა: შეფასების ვადის ათვლა იწყება დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის მომდევნო სამუშაო დღიდან;
(დ) ინდივიდუალური პირობები: აღსრულების ბიუროს თავმჯდომარეს უფლება აქვს ხელშეკრულებით დაადგინოს განსხვავებული საფასური, თუ იდება გრძელვადიანი ხელშეკრულება ან პირი ითხოვს არანაკლებ 50 შეფასებას;
(ე) დაჩქარებული მომსახურება: ზუსტდება დაჩქარებული მომსახურების საფასურები და ვადები, რომლებიც მოცემულია განახლებულ №1 დანართში.
ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე, 2026 წლის 13 თებერვალს.


