როგორ დავაზღვიოთ ბიზნესი სამართლებრივი რისკებისგან - არჩევანი შიდა იურისტსა და აუთსორსინგს შორის
თანამედროვე საბაზრო ეკონომიკამ და მზარდმა კონკურენციამ დღის წესრიგში დააყენა ბიზნესის სამართლებრივი უსაფრთხოების საკითხი. დღეს კვალიფიციური იურიდიული მხარდაჭერა აღარ აღიქმება მხოლოდ დამხმარე სერვისად – ის ბიზნესის მდგრადობისა და რისკების პრევენციის ფუნდამენტური კომპონენტია.
დღეს კომპანიები ხშირად დგანან დილემის წინაშე: დაასაქმონ იურისტი შტატში, თუ ისარგებლონ გარე იურიდიული კონსულტაციით (აუთსორსინგით). აღნიშნული გადაწყვეტილება სცდება მხოლოდ ფინანსური ოპტიმიზაციის ფარგლებს და სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, რადგან პირდაპირ აისახება ბიზნესპროცესების მართვის ხარისხზე.
შტატიანი იურისტის უმთავრეს უპირატესობას ბიზნესპროცესებში უშუალო, ყოველდღიური ჩართულობა და კომპანიის შიდა სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა წარმოადგენს. იგი მუდმივად ხელმისაწვდომია მიმდინარე, ოპერატიული საკითხების გადასაჭრელად, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია იმ ბიზნესისთვის, რომლის საქმიანობა რუტინულ სამართლებრივ მხარდაჭერასა და შიდა პროცესების მუდმივ მონიტორინგს მოითხოვს. თუმცა, ამ მოდელის გამოყენებისას გასათვალისწინებელია ვიწრო სპეციალიზაციის საჭიროება. თანამედროვე სამართალი იმდენად კომპლექსურია, რომ ერთი ადამიანი ფიზიკურად ვერ იქნება „მულტიფუნქციური ექსპერტი“. რაც არ უნდა მაღალი იყოს ინდივიდუალური კვალიფიკაცია, რთულია ერთმა სპეციალისტმა თანაბარი სიღრმით მართოს სამართლის ყველა სპეციფიკური მიმართულება – იქნება ეს საგადასახადო სამართალი, ინტელექტუალური საკუთრების დაცვა, რთული სახელშეკრულებო ურთიერთობები თუ საერთაშორისო დავები. შესაბამისად, ის, რაც რუტინული საქმეებისთვის ეფექტურია, შესაძლოა არასაკმარისი აღმოჩნდეს კრიტიკული და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროექტებისთვის, სადაც გუნდურობა და მრავალმხრივი ექსპერტიზა გადამწყვეტია.
ამის საპირისპიროდ, აუთსორსინგული მოდელი ბიზნესს სთავაზობს წვდომას კოლექტიურ ცოდნაზე. იურიდიული ფირმის სახით თქვენ ქირაობთ არა ერთ ადამიანს, არამედ სხვადასხვა ვიწრო სპეციალიზაციის მქონე იურისტთა გუნდს. ეს მიდგომა შეუცვლელია კომპლექსური პროექტების მართვისას, სასამართლო დავების წარმოებისა და სისტემური სამართლებრივი რისკების პრევენციისთვის.
შტატიანი იურისტის აყვანა და აუთსორსინგული მომსახურება რადიკალურად განსხვავდება არა მხოლოდ სამართლებრივი სტატუსით, არამედ იმ ფარული ხარჯებითა და ვალდებულებებით, რომლებიც ბიზნესს მძიმე ფინანსურ ტვირთად აწვება.
როდესაც იურისტი შტატში აგყავთ, თქვენ ხდებით დამსაქმებელი, რაც ავტომატურად წარმოშობს საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებულ მკაცრ ვალდებულებებს. პირდაპირი ხელფასის გარდა, ბიზნესი ვალდებულია გაიღოს დამატებითი ხარჯები საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო შენატანების სახით. აუთსორსინგის შემთხვევაში კი თქვენ იხდით მხოლოდ მომსახურების საფასურს, რაც სრულად ექვემდებარება საოპერაციო ხარჯად აღიარებას, ხოლო დღგ-ს გადამხდელი კომპანიებისთვის დამატებით საგადასახადო სარგებელსაც გულისხმობს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოციალური გარანტიების საკითხი. შტატიან თანამშრომელს ეკუთვნის ანაზღაურებადი შვებულება და ბიულეტენი, რომლის პერიოდშიც ბიზნესი ხშირად იურიდიული დაცვის გარეშე რჩება. აუთსორსინგული კომპანია კი უზრუნველყოფს სერვისის უწყვეტობას – ერთი იურისტის არყოფნას სხვა კოლეგა მომენტალურად ანაცვლებს. ასევე გასათვალისწინებელია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სირთულეც, საქართველოში თანამშრომლის გათავისუფლება დაკავშირებულია წინასწარი გაფრთხილების ვადებთან და სავალდებულო კომპენსაციებთან, მაშინ როდესაც აუთსორსინგული ხელშეკრულების შეწყვეტა გაცილებით მოქნილი და ნაკლებრისკიანია.
გარდა აღნიშნულისა, ადმინისტრაციული კუთხით, შტატიანი იურისტის დასაქმება ასევე მოითხოვს სამუშაო ადგილის მოწყობას, ტექნიკურ აღჭურვილობას, კომუნალურ და სხვა საოფისე ხარჯებს. ასევე, მისი კვალიფიკაციის ასამაღლებლად საჭიროა ტრენინგებისა და პროფესიული მხარდაჭერისთვის ხარჯების გაღება, რაც კომპანიისთვის დამატებითი ფინანსური ტვირთია. აუთსორსინგის დროს ყველა ეს ხარჯი მომსახურების ფასშია ინტეგრირებული.
აუთსორსინგის კიდევ ერთი უპირატესობა პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხია. იურიდიული ფირმები, წესისამებრ, ფლობენ პროფესიულ დაზღვევას და მათი რეპუტაციული პასუხისმგებლობა ინდივიდუალურ შემსრულებელზე გაცილებით მაღალია. ამ მოდელის არჩევით თქვენ არ ყიდულობთ უბრალოდ „ადამიანის სამუშაო დროს“, თქვენ ყიდულობთ კონკრეტულ შედეგსა და გარანტირებულ პროფესიულ მხარდაჭერას.
მიუხედავად ამისა, არ არსებობს ერთი უნივერსალური რეცეპტი. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ოპტიმალური ხშირად ჰიბრიდული მოდელიც აღმოჩნდება ხოლმე: მცირე შიდა რესურსი ყოველდღიური რუტინისთვის და აუთსორსინგული პარტნიორი სტრატეგიული, რთული და მაღალი რისკის მქონე პროექტების სამართავად.
საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა უფრო პრიორიტეტულია კომპანიისთვის განვითარების კონკრეტულ ეტაპზე – ლოკალური ხელმისაწვდომობა თუ მრავალმხრივი მომსახურება, მაღალი პროფესიული პასუხისმგებლობითა და ხარჯების მაქსიმალური ოპტიმიზაციით.


