ორი შეცდომა, რომელსაც მხარეები უშვებენ მორიგებისას: რატომ არის "მეტი" ხშირად "ნაკლები"?
საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული გადატვირთულობა — მოსამართლეებისა და აპარატის სიმცირე — დავების გახანგრძლივების მთავარი მიზეზია. რეალობა ისეთია, რომ უმარტივესი დავაც კი შეიძლება წლობით გაგრძელდეს, რაც ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯი და გაურკვევლობაა. სწორედ ამიტომ, მორიგება დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებაა.
მიუხედავად ამისა, როდესაც საქმე სასამართლოში მორიგებაზე მიდგება, ხშირად ვხვდებით ორ კრიტიკულ შეცდომას, რომელსაც მხარეები უშვებენ:
- მხარეები უარს ამბობენ დღესვე მისაღებ გონივრულ თანხაზე, რადგან წლების შემდეგ მეტის მიღების იმედი აქვთ; ან
- თანხმდებიან სასურველი თანხის მიღებას, რომელიც დროშია გაწერილი;
არც ერთი ზემოთ განხილული შემთხვევისას, უმეტეს შემთხვევაში მხარეები არ ითვალისწინებენ ფულის დროით ღირებულებას (Time Value of Money).
მოდით, ვნახოთ ციფრებში გამოსახული კონკრეტული მაგალითი:
წარმოვიდგინოთ, მოსარჩელეს მიადგა $100,000-ის ზიანი. მოპასუხე სთავაზობს:
- $20,000-ს ახლავე;
- $120,000-ს 5 წლის შემდეგ.
ერთი შეხედვით, მოსარჩელე $140,000-ს იღებს — იმაზე მეტს, რა ზიანიც განიცადა. მაგრამ არის ეს „$40,000 ზედმეტობა“ რეალური მოგება? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა გამოვიყენოთ ფულის ამჟამინდელი ღირებულების გამოთვლის ფორმულა.
PV=FV/(1+R)t
ამ ფორმულის გამოყენებით, 10%-იან დისკონტირების განაკვეთის მისადაგებით, აღმოჩნდება, რომ 5 წლის შემდეგ მისაღები $120,000-ის დღევანდელი ღირებულება მხოლოდ $74,510-ია.
შესაბამისად, მოსარჩელეს მიერ ჯამურად მისაღები $140,000 დღევანდელი ღირებულება მხოლოდ $94,510-ია, რაც მის რეალურ ზიანს – $100,000 – ვერ აკომპენსირებს.
დასკვნა
მორიგება ხელოვნებაა, რომელიც მხოლოდ სამართლებრივ ცოდნას არ ეფუძნება. ფინანსური ფაქტორების უგულებელყოფამ შესაძლოა “მოგებული” დავა წამგებიანად აქციოს.
Union Legal-ში ჩვენ გვჯერა, რომ დავის ეფექტური მართვა ნიშნავს კლიენტისთვის არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ეკონომიკური სარგებლის მოტანას.
#UnionLegal #LegalInsights #LawFirmGeorgia #BusinessLaw #DisputeResolution #TimeValueOfMoney


