ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში
ცვლილება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებაში
შემოსავლების სამსახურის უფროსის 2026 წლის 4 თებერვლის №2243 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „საგადასახადო/საბაჟო ორგანოს მიერ ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანებაში.
ბრძანება ეხება დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის დაგვიანების გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლების წესს.
კერძოდ, თუ გადასახადის გადამხდელს წარმოეშვა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ვალდებულება, მაგრამ დააგვიანა დარეგისტრირება, საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს ჯარიმას (274-ე და 282-ე მუხლები). თუმცა, „კეთილსინდისიერი გადამხდელის“ შემთხვევაში (საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილი), ჯარიმა შეიძლება გაუქმდეს.
ბრძანება აზუსტებს დეკლარაციის წარდგენის ვადას, რომელიც აუცილებელია ჯარიმისგან გასათავისუფლებლად. ცვლილების მიხედვით, ჯარიმა შეიძლება გაუქმდეს, თუ (ა) გადასახადის გადამხდელი მიმართავს საგადასახადო ორგანოს რეგისტრაციისთვის; (ბ) წარადგენს შესაბამის დეკლარაციას მანამ, სანამ საგადასახადო ორგანო სამართალდარღვევის ოქმს გამოწერს;
ცვლილება ფიზიკური პირების საგადასახადო შეღავათების ადმინისტრირებაში
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 5 თებერვლის №37 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში.
ბრძანება ეხება საგადასახადო შეღავათით მოსარგებლე ფიზიკური პირებისთვის (მაგალითად: მრავალშვილიანი მშობლები, ვეტერანები, შშმ პირები და ა.შ.) გადახდის წყაროსთან დაკავებული საშემოსავლო გადასახადის დაბრუნების ახალ წესს.
კერძოდ, თუ პირი სარგებლობს საგადასახადო შეღავათით (საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილი), მას შეუძლია სახელმწიფო ბიუჯეტიდან უკან დაიბრუნოს ის თანხა, რომელიც დამსაქმებელმა ხელფასიდან გადასახადის სახით დაუკავა.
ბრძანება აზუსტებს თანხის დაბრუნების პროცედურას და ვადებს. ცვლილების მიხედვით, თანხის დაბრუნება შესაძლებელია, თუ:
(ა) პირი რეგისტრირებულია საგადასახადო აღრიცხვაზე (როგორც ფიზიკური პირი);
(ბ) პირი წარადგენს სპეციალურ განცხადებას (დანართი №II-08⁷) და მიუთითებს პირად საბანკო ანგარიშს;
(გ) საგადასახადო აგენტის (დამსაქმებლის) მიერ წარდგენილია დეკლარაცია, სადაც ჩანს დაკავებული გადასახადის ოდენობა.
თანხის დაბრუნება განხორციელდება ყოველთვიურად, ყოველი თვის 20 რიცხვში, პირის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. აღსანიშნავია, რომ ამ წესით სარგებლობისას პირი ვეღარ გამოიყენებს ძველ მექანიზმს (დამსაქმებელთან წარსადგენ საგადასახადო შეღავათის ცნობას).
ბრძანების ძირითადი ნაწილი ამოქმედდება 2026 წლის 1 ივლისიდან.
ცვლილება აქციზური მარკების უტილიზაციისა და დაბეგვრის წესში
საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2026 წლის 3 თებერვლის №33 ბრძანებით, ცვლილება შევიდა „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებაში.
ბრძანება ეხება საქართველოში წარმოებული აქციზური საქონლის (მაგ. ალკოჰოლი, თამბაქო) ჩამოწერისას გამოყენებული აქციზური მარკების დაბეგვრის საკითხს.
კერძოდ, თუ მწარმოებელი კანონით დადგენილი წესით ჩამოწერს და გაანადგურებს (უტილიზაციას გაუკეთებს) თავის ნაწარმს, რომელზეც უკვე დაკრული იყო აქციზური მარკები, ეს მარკები აღარ ჩაითვლება რეალიზებულად.
ბრძანება აზუსტებს საგადასახადო შეღავათის გამოყენების წესს ჩამოწერილი პროდუქციისთვის. ცვლილების მიხედვით:
(ა) მწარმოებლის მიერ ნიშანდებული საქონლის ოფიციალურად ჩამოწერისას, მასზე დაკრული აქციზური მარკები ითვლება უტილიზებულად და არ იბეგრება აქციზით;
(ბ) ბრძანება ვრცელდება წარსულ პერიოდზეც — კერძოდ, 2025 წლის 1 იანვრიდან 1 აგვისტომდე სრული განადგურების ფორმით ჩამოწერილ ნაწარმზე. ამ შემთხვევაში, მწარმოებელმა უნდა წარადგინოს განცხადება მარკების სერიული ნომრების მითითებით.
ბრძანება ამოქმედდა გამოქვეყნებისთანავე.
სხვა საკანონმდებლო სიახლეები
ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონსა და თანმდევ საკანონმდებლო პაკეტში
საქართველოს პარლამენტი განიხილავს „გრანტების შესახებ“ კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტებს.
ცვლილებების პაკეტი ეხება უცხოური დაფინანსების (გრანტების) დეფინიციის გაფართოებას, მათი მიღების კონტროლს და დარღვევებზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას.
კერძოდ, ფართოვდება გრანტის ცნება და მასში შედის ნებისმიერი ფულადი თუ ნატურალური სახსრები, რომლებიც მიმართულია საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკაზე, სახელმწიფო ინსტიტუტებსა თუ საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენისკენ.
კანონპროექტი აზუსტებს გრანტების მიღების განსხვავებულ პროცედურებს. კერძოდ, ცვლილების მიხედვით:
(ა) გრანტის გაცემა და მიღება (თუ ის პოლიტიკურ/საზოგადოებრივ გავლენებს უკავშირდება) საჭიროებს საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი ორგანოს წინასწარ თანხმობას;
(ბ) გრანტების უნებართვო მიღება/გაცემის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც დანაშაულის ნიშნების აღმოჩენისას მასალებს საგამოძიებო ორგანოებს გადასცემს;
(გ) კანონით დადგენილი წესის დარღვევა, მათ შორის „მოჩვენებითი“ ან „თვალთმაქცური“ გარიგებებით გრანტის მიღება, გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას;
(დ) კანონის ამოქმედებისას პირები, რომლებსაც უკვე აქვთ მიღებული (მაგრამ არ გამოუყენებიათ) მსგავსი გრანტები, ვალდებულნი იქნებიან 1 თვის ვადაში მიმართონ მთავრობას თანხმობისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გამოყენება იკრძალება.
გრანტების შესახებ კანონში ცვლილებების პარალელურად, ცვლილებები შედის თანმდევ კანონებშიც:
(ა) სისხლის სამართლის კოდექსში ;
(ბ) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში;
(გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსებში;
(დ) სახელმწიფო აუდიტის შესახებ კანონში;
კანონპროექტის თანახმად, მისი მიღების შემთხვევაში იგი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.
ცვლილებები „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში
საქართველოს პარლამენტი განიხილავს ცვლილებებს „იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში, რომლითად იცვლება იურიდიული დახმარების სამსახურის მართვის მოდელი და ანგარიშვალდებულების წესები.
ცვლილების მიხედვით სამსახური პირდაპირ საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული.
კანონპროექტი აზუსტებს მმართველი საბჭოს დაკომპლექტებისა და დირექტორის დანიშვნის ახალ წესებს. ცვლილების მიხედვით:
(ა) იურიდიული დახმარების სამსახური ხდება ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის წინაშე. სამსახურის დირექტორი ვალდებული იქნება ყოველწლიურად, 1 მარტამდე, პრემიერ მინისტრს წარუდგინოს საქმიანობის ანგარიში;
(ბ) მმართველი საბჭო განისაზღვრება 7 წევრით, რომელიც თანამდებობის პირებისგან იქნება შემდგარი, კერძოდ საბჭოს შემადგენლობაში იქნება პარლამენტის ორი კომიტეტის თავმჯდომარე, იუსტიციის საბჭოს მდივანი, გენერალური პროკურორი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. საბჭოს წევრის ვადა დაემთხვევა მისი თანამდებობაზე ყოფნის ვადას;
(გ) სამსახურის დირექტორს საბჭოს წარდგინებით დანიშნავს პრემიერ-მინისტრი 5 წლის ვადით. ასევე, პრემიერ-მინისტრს ექნება უფლებამოსილება, ვადამდე გაათავისუფლოს დირექტორი თანამდებობიდან;
(დ) სამსახურის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა სამინისტროს წარედგინება საბჭოსთან შეთანხმებით, საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად.
კანონის პროექტი ითვალისწინებს მოქმედი მენეჯმენტის სრულ როტაციას:
- 2026 წლის 1 აპრილიდან შეწყდება საბჭოს მოქმედი წევრების უფლებამოსილება;
- 2026 წლის 1 მაისიდან ავტომატურად შეწყდება მოქმედი დირექტორის უფლებამოსილება (3-თვიანი კომპენსაციის სანაცვლოდ).


