2026 წლის სექტემბრის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

2026 წლის სექტემბრის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა

ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში

საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის შეღავათის მიზნით ოჯახის შემოსავლის ზღვარი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდე გაიზარდა.

ფიზიკურ პირს 2026 წლის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენა ევალება, თუ:

  • ფიზიკური პირის ან/და მისი ოჯახის წევრების 2025 წლის შემოსავალი აღემატებოდა 100 000 ლარს და საქართველოს ტერიტორიაზე ფლობს დასაბეგრ ქონებას;
  • ან შემოსავლის ოდენობის მიუხედავად, ფიზიკურ პირს ან/და მისი ოჯახის წევრებს მიმდინარე წლის 1 აპრილის მდგომარეობით აქვთ დასაბეგრი მიწა.

დასაბეგრ ქონებაზე (მიწის გარდა) განაკვეთი განისაზღვრება წინა წლის ბოლოს არსებული საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8%-ისა და არაუმეტეს 1%-ისა.

თუ 2025 წლის დეკლარაცია უკვე წარდგენილია და მასში ცვლილება არ მომხდარა, 2026 წლის დეკლარაციის წარდგენა არ არის სავალდებულო. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანო გადასახადს 2025 წლის დეკლარაციის მონაცემების საფუძველზე დაარიცხავს.

სხვა საკანონმდებლო სიახლეები

ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში

2026 წლის 16 სექტემბერს მიღებული კანონი №1861/1-VIმს-XIმპ მნიშვნელოვნად ცვლის დაგროვებით საპენსიო სქემაში დამსაქმებელთა ვალდებულებების აღსრულების წესს.

ცვლილებების ძირითადი ნაწილი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. ცალკეული დებულებები ძალაში შედის 2026 წლის 15 ოქტომბრიდან ან 2027 წლის 1 ივნისიდან.

დამსაქმებლის პასუხისმგებლობა და ჯარიმა

  • საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის (მათ შორის ვადის დარღვევისთვის) ჯარიმა შეადგენს 300 ლარს.
  • თუ დამსაქმებელი ჯარიმის დაკისრებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში სრულად გადაიხდის განუხორციელებელ შენატანსა და მასზე დარიცხულ მიუღებელ სარგებელს, ჯარიმის გადახდის ვალდებულება გაუქმდება.
  • ჯარიმის დაკისრება არ ათავისუფლებს შენატანისა და მიუღებელი სარგებლის გადახდის ვალდებულებისგან.
  • ჯარიმის დაკისრება შესაძლებელია დარღვევის გამოვლენიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
  • ჯარიმის შესახებ გადაწყვეტილება აღსასრულებლად შეიძლება მიექცეს მისი მიღებიდან 2 წლის განმავლობაში.

კანონი ასევე განსაზღვრავს შემთხვევებს, როდესაც შენატანი დარღვევად არ მიიჩნევა (მაგალითად, დეკლარაციის შესწორებით ან დაზუსტებით დროულად განხორციელებული შენატანი).

მონაწილის მიუღებელი სარგებელი

კანონში შემოდის ახალი ცნება — „მონაწილის მიუღებელი სარგებელი“.

ეს არის თანხა, რომელიც დამსაქმებელმა უნდა გადაუხადოს მონაწილეს საპენსიო შენატანთან ერთად, როდესაც შენატანი არ განხორციელებულა ან დაგვიანებით განხორციელდა. თანხა მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე აისახება საპენსიო აქტივების სახით.

  • დარიცხვა იწყება შენატანის განხორციელების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან.
  • გამოითვლება საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე +5%-ის საფუძველზე.
  • დარიცხვა წყდება შენატანის სრულად განხორციელების შემდეგ.
  • საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება მიუღებელი სარგებლის დარიცხვას არ აჩერებს.

2025 წლის 1 მაისამდე პერიოდისთვის გამოვლენილი ან ჩადენილი დარღვევების შემთხვევაში მიუღებელი სარგებელი არ დაეკისრება დამსაქმებელს.

საპენსიო ფონდს უფლება აქვს კანონიერ ძალაში შესული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისა და სააღსრულებო ფურცლის მეშვეობით თანხების იძულებითი აღსრულება განახორციელოს.

კანონი ქმნის დავების განხილვის დამოუკიდებელ სამსახურს საპენსიო ფონდში, რომელიც მმართველობითი საბჭოს წინაშეა ანგარიშვალდებული. სამსახური დავებს უსასყიდლოდ განიხილავს კანონიერების, ობიექტურობის, გამჭვირვალობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით.

  • გასაჩივრების ვადა: გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.
  • საჩივრის წარდგენა სადავო გადაწყვეტილების აღსრულებას შეაჩერებს.
  • სამსახურის გადაწყვეტილება საერთო სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

დამსაქმებელს აქვს უფლება, მიმართოს დავების განხილვის სამსახურს განუხორციელებელი შენატანისა და მიუღებელი სარგებლის ეტაპობრივად გადახდის მოთხოვნით. შეთანხმების პირობები კანონითა და სამსახურის დებულებით განისაზღვრება. შეთანხმების მოქმედების პერიოდში აღსრულება შეჩერებულია, თუმცა პირობების დარღვევის შემთხვევაში გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებას ექვემდებარება.