2026 წლის ივნისის თვის სამართლებრივი სიახლეების მიმოხილვა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2026 წლის 29 ივნისის საქმე №ას-1155-2025 — განსაკუთრებით საინტერესოა სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს შემცირების სტანდარტის, განსაკუთრებით კი მეწარმე სუბიექტებს შორის დადებული ხელშეკრულების კონტექსტში.
დავა წარმოიშვა სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში დადებული ნარდობის ხელშეკრულებიდან. მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა მარნეულის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები. ხელშეკრულებით სამუშაოს საბოლოო ვადის დარღვევისთვის გათვალისწინებული იყო საკმაოდ მაღალი პირგასამტეხლო — შეუსრულებელი სამუშაოს ღირებულების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
მიმწოდებელმა სამუშაოები შეთანხმებულ ვადაში სრულად ვერ შეასრულა. შემსყიდველმა სარჩელით თავდაპირველად მოითხოვა დაახლოებით 948,301 ლარის პირგასამტეხლო.
ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა პირგასამტეხლო მნიშვნელოვნად შეამცირეს და დაადგინეს 0.02% დღიურად. უზენაესი სასამართლო დაეთანხმა იმას, რომ დარღვევა 2021 წლის 5 იანვრიდან უნდა ჩაითვალოს და პირგასამტეხლო 85 დღეზე — 2021 წლის 5 იანვრიდან 31 მარტამდე უნდა დარიცხულიყო, თუმცა არ დაეთანხმა მის 0.02%-მდე შემცირებას.
უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე მნიშვნელოვანი განმარტება გააკეთა.
უპირველესად სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი სასამართლოს აძლევს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, მაგრამ არა უბრალოდ „მაღალი“ პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას. შეფასებისას გასათვალისწინებელია დარღვევის შედეგები, პირგასამტეხლოს პროცენტი, ზიანის მოცულობა, მოვალის ბრალის ხარისხი, მისი ეკონომიკური მდგომარეობა და სხვა გარემოებები.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სასამართლოს მიდგომა მეწარმე სუბიექტების მიმართ: ბიზნესს, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების საფუძველზე თანხმდება კონკრეტულ პირგასამტეხლოზე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული, უფრო მაღალი პასუხისმგებლობის სტანდარტი მოეთხოვება. შესაბამისად, იურიდიული პირის შემთხვევაში პირგასამტეხლოს შემცირება უნდა ეფუძნებოდეს არგუმენტირებულ/კვალიფიციურ შედავებას.
ამ საქმეში მნიშვნელოვანი იყო ასევე ხელშეკრულების საგანი: საქმე ეხებოდა 2.14 მილიონი ლარის სახელმწიფო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურულ პროექტს — სარწყავი სისტემის რეაბილიტაციას. სასამართლოს შეფასებით, სამუშაოს დროულ შესრულებას არა მხოლოდ ქონებრივი, არამედ საზოგადოებრივი მნიშვნელობაც ჰქონდა. ამიტომ მხარეებს ჰქონდათ საფუძველი მიმწოდებლის დაგვიანებისთვის უფრო მაღალი პასუხისმგებლობა დაედგინათ.
საბოლოოდ, უზენაესმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 0.5% მართლაც შესამცირებელი იყო, მაგრამ მისი 0.02%-მდე შემცირება გადაჭარბებული ჩარევა იყო სახელშეკრულებო თავისუფლებაში. სასამართლომ დღიური პირგასამტეხლო 0.14%-ით განსაზღვრა. მისი აზრით, ასეთი ოდენობა ერთდროულად ინარჩუნებს პირგასამტეხლოს რეალურ ფუნქციას და იცავს სახელშეკრულებო ბალანსს.
