წინამდებარე ნაშრომის ამოცანაა გავაანალიზოთ დღევანდელ მსოფლიოს მთავარი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური ცვლილებები, განვსაზღვროთ ტრენდები რომელნიც განაპირობებენ მსოფლიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს უახლოეს ათწლეულში.

        საკითხის მასშტაბურობის, სირთულისა და ჰიპოტეტიურობის გამო, შემოვისაზღვრებით საკითხების ზოგადი დასმით და განვითარების ძირითადი ტრენდების მონახაზებით.

      XXI საუკუნის გეოპოლიტიკა რეალურად ამ საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო. წინა ორი ათწლეული იყო „ცივი ომის“ დამთავრების შედეგად ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის ავტომატური,მილევად რეჟიმში გაგრძელება,ანუ XX საუკუნის ბოლო ათწლეულის ძირითადი მახასიათებლების განვითარება (აშშ-ს პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური ჰეგემონია*; ევროპის  ნელი სვლა გაერთიანებისაკენ; ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი ზრდა; ლიბერალური მსოფლიო სავაჭრო სისტემის განვითარება).

      ბოლო ხუთი წლის მანძილზე მომხდარმა გლობალურმა მოვლენებმა: 1. რუსეთ-უკრაინის ომმა; 2. ჩინეთის ეკონომიკური პოტენციალის ძლიერ სამხედრო და პოლიტიკური რესურსად გარდაქმნამ; 3. აშშ-ს ნატოს წევრ-ქვეყნებისადმი დამოკიდებულების შეცვლამ გარდაქმნეს მსოფლიოს პოლიტიკური დღევანდელობა.

       გეოპოლიტიკური ცვლილებების პარალელურად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი გეოეკონომიკური ცვლილებები.ისინი მჭიდროდ არიან დაკავშირებული და ძლიერად ურთიერთქმედებენ ერთმანეთზე.

*„ 1991 წლის შემდეგ კი, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა, ჩვენ ისტორიის უჩვეულოდ იშვიათ ერაში აღმოვჩნდით – ყოველ შემთხვევაში, რომის იმპერიის დაცემის შემდეგ სადაც მხოლოდ ერთი ზესახელმწიფო არსებობდა“. ფარიდ ზაქარია. „რევოლუციების ეპოქა“. ქართული გამოცემა. „ინტელექტი“, 2025წ. გვ.17-18  

             მსოფლიოში მიმდინარე გეოეკონომიკურ ცვლილებებს განსაზღვრავს სამი ძირითადი ტრენდი: 1. ჩინეთის მზარდი ეკონომიკური ექსპანსია, რომელიც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებს აიძულებს მსოფლიო ლიბერალური სავაჭრო პოლიტიკა ნაწილობრივ შეცვალოს ეკონომიკური პროტექტიონიზმით. 2. აშშ-ს მსოფლიო ეკონომიკაში მნიშვნელობის ობიექტური კლება, რაც ასრულებს აშშ-ს მსოფლიო ეკონომიკური ჰეგემონიის საუკუნოვან ისტორიას, მაგრამ ტოვებს ლიდერად ან მინიმუმ „primus interpares“. 3. ტექნოლოგიური გარდაქმნები და ხელოვნური ინტელექტის განვითარება, რომელიც კარდინალურად შეცვლის ეკონომიკურ ურთიერთობებს, როგორც მაკრო, ისე მიკრო დონეზე. ის ვინც მიაღწევს წარმატებას ამ სფეროში, ხატოვნად რომ ვთქვათ, მოახდენს მეოთხე ინდუსტრიულ რევოლუციას (პირველმა სამრეწველო რევოლუციამ შექმნა XIX საუკუნის ყველაზე განვითარებული ბრიტანეთის იმპერია, მეორე და მესამე სამრეწველო რევოლუციამ XX საუკუნის ლიდერი აშშ), დიდი ხნით განსაზღვრავს მსოფლიოს ეკონომიკურ განვითარებას XXI საუკუნეში.

       რუსეთ-უკრაინის ომი. 2008 წელს საქართველოს ტერიტორიებისა და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციაზე მსოფლიოს არასათანადო რეაქციამ, დონეცკის ოლქსა და სირიაში სამხედრო წარმატებებმა, რუსეთის ხელისუფლებას არასწორი წარმოდგენა შეუქმნა რუსეთის სამხედრო ძალების პოტენციალზე.

    მათ ჩათვალეს, რომ „ცივ ომში“ დამარცხებისა და სსრ კავშირის დაშლის შემდეგ დასუსტებულმა რუსეთმა აღიდგინა თავისი სამხედრო ძლიერება და გადაწყვიტა ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების  შეჩერება და ყოფილ სსრ კავშირის ტერიტორიაზე მოდერნიზირებული საბჭოთა იმპერიის აღდგენა.

     უკრაინული ხალხის გმირულმა ბრძოლამ საკუთარი ქვეყნის გადასარჩენად რუსული „ბლიც-კრიგის“ შესაძლებლობა მოსპო და ომმა ხანგრძლივი პოზიციური ბრძოლების სახე მიიღო.

      დღეს,ომის დაწყებიდან 4 წლის შემდეგ, შეგვიძლია ვთქვათ რომ რუსეთმა ეს ომი წააგო, რადგან:

 1. „მსოფლიოს მეორე არმიამ“ ოთხი წლის მანძილზე ვერ შეძლო რაიმე მნიშვნელოვანი სამხედრო წარმატების მიღწევა შეზღუდული რესურსების მქონე მოწინააღმდეგესთან,რითაც გამოაჩინა საკუთარი არმიის სისუსტე.

2. რუსეთმა ერთ ენაზე მოსაუბრე,ერთმორწმუნე, საერთო ისტორიის, მჭიდრო სოციალური და ღრმა ეკონომიკური კავშირების მქონე 40 მილიონზე მეტი ხალხი  და სახელმწიფო მტრად გაიხადა. რუსეთი უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობის გარეშე ვერ იქნება მსოფლიო დონის მოთამაშე და ის მხოლოდ რეგიონალური მოთამაშის სტატუსით შეიძლება შემოიფარგლოს.

3. ამ ომით რუსეთმა არა თუ შეაჩერა ნატოს გაფართოება, არამედ პირიქით, დააჩქარა ფინეთისა და შვეციის ნატოში შესვლა და მიიღო დამატებით 1000კმ-ზე მეტი საზღვარი ნატოსთან.

4. რუსეთმა თავისი სათბობ-ენერგეტიკული რესურსებისათვის დაკარგა საუკეთესო ევროპული ბაზარი, მაღალი ფასითა და გრძელვადიანი ხელშეკრულებებით. ბაზარი, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, იყო სსრ კავშირისა და შემდგომ რუსეთის სავალუტო შემოსავლების ძირითადი წყარო.

       მან შეძლო თავისი საექსპორტო ნავთობისა და გაზის აღმოსავლეთით გადამისამართება (ძირითადად ჩინეთი, ინდოეთი), მაგრამ დიდი დანაკარგებით – მნიშვნელოვანი ფასდაკლებით და არასტაბილური მოთხოვნით.

       5. რუსეთმა ფაქტიურად დაკარგა ბრიუსელში განთავსებული თავისი სავალუტო რეზერვები – 200მლრდ. €-ზე მეტი. ეს გაყინული თანხა იურიდიულად კვლავ რუსეთის საკუთრებაა, მაგრამ ამ დეპოზიტის სარგებლის გარანტიით უკრაინაზე გაცემულია მრავალმილიარდიანი სესხები და ეს 200 მილიარდი € აუცილებლად იქნება გამოყენებული უკრაინის ეკონომიკის აღსადგენად ომის დამთავრების შემდეგ.

       ზემოთაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამოვთქვამ ერთ პროვოკაციულ მოსაზრებას: რუსეთს ამ 200მლრდ.€ რეზერვებიდან 10-30% რომ მიემართა უკრაინასთან მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობისაკენ, რუსეთი არც ამ 200მლრდ.€ არ დაკარგავდა და არც 300მლრდ.€-ს, რომელიც მას ეს ომი უჯდება.

      6. ევროპასთან რუსეთის დაპირისპირება ამ ომის დამთავრების შემდეგაც გაგრძელდება. რუსეთ-ევროპის ნებისმიერი თანამშრომლობა ომამდე არსებულ დონეს არ დაუბრუნდება. ტრამპის ამერიკასთან ეკონომიკური ურთიერთობა შეიძლება გაუმჯობესდეს, მაგრამ რუსეთ-აშშ-ის ეკონომიკური თანამშრომლობა არასოდეს ყოფილა ინტენსიური.

        რუსეთის ეკონომიკისათვის აუცილებელი მოდერნიზაცია დასავლური ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია. მხოლოდ ჩინური ინდუსტრიის გამოყენებით თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ეკონომიკის ჩამოყალიბება წარმოუდგენელია.შესაბამისად რუსეთის ეკონომიკის ჩამორჩენა მაღალგანვითარებულ ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო გაიზარდა.

      7. რუსეთი, ომის დამთავრების შემდეგ, მიიღებს მის საზღვართან მდგარ ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს მტრულად განწყობილ უკრაინულ არმიას.როდესაც ქვეყნის დასავლეთ საზღვარზე, რომელიც 5000 კმ-ზე გადაჭიმული (უკრაინისა და ნატოს ქვეყნების საზღვრები რუსეთთან), განლაგებულია რუსეთისადმი ტერიტორიული პრეტენზიების (გაცხადებული თუ გაუცხადებელი) მქონე ქვეყნების ჯარები, რუსეთის

პოზიციები შორეულ აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ჩინეთთან და იაპონიასთან, ვერ იქნება ძლიერი.

       8. და ბოლოს, რუსეთს უკრაინასთან ომისათვის დასჭირდა ჩინეთის დახმარება, რამაც აიძულა იგი გამხდარიყო ჩინეთის უმცროსი პარტნიორი. რუსეთმა ამით დაკარგა აშშ-ჩინეთის დაპირისპირებაში (რომელიც თანდათანობით უფრო მწვავე ფორმებს მიიღებს) მისთვის ყველაზე მომგებიანი პოზიციის ჩამოყალიბების საშუალება.მას ომამდე ჰქონდა საშუალება ყოფილიყო ამ დაპირისპირებაში რომელიმე მხარის სტრატეგიული მოკავშირე, პასიური მხარდამჭერი ან ნეიტრალური მოთამაშე. მის მიერ არჩეული პოზიცია დამოკიდებული იქნებოდა რუსეთის სტრატეგიულ გათვლებზე და ჩინეთიდან და აშშ-დან მიღებულ შესაძლო ასობით მილიარდიან ფინანსურ და მატერიალურ ბენეფიტებზე.

      მოკლედ რომ ვთქვათ,ამ ომის შედეგად, ჩინეთმა ძალზე იაფად იყიდა ოპციონი – აშშ-თან დაპირისპირების შემთხვევაში რუსეთის ჩინურ ბანაკში ყოფნაზე. ამ ომის გარეშე, ამ ოპციონის ფასი რამდენიმე წელიწადში გაცილებით დიდი იქნებოდა.

         ა მ ე რ ი კ ი ს  შ ე ე რ თ ე ბ უ ლ ი  შ ტ ა ტ ე ბ ი. მსოფლიო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური გარდაქმნის ავანგარდში რჩება აშშ. აშშ-ში მიღებული გადაწყვეტილებები, მისი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური როლიდან გამომდინარე, მთელი მსოფლიოსათვის მნიშვნელოვანია და განსაზღვრავს მის დღის წესრიგს.

      ბოლო პერიოდში აშშ-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს აშშ-ს ნატოსადმი დამოკიდებულების საკითხი. აშშ-ის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესების ატლანტიკური სივრციდან წყნარი და ინდოეთის ოკეანეებისაკენ გადატანა მიმდინარე პერიოდისა და უახლოესი მომავლის რეალობაა. აშშ-ს ბოლოდროინდელ თავდაცვისა და უსაფრთხოების სახელმწიფო დოქტრინებში ჩინეთი მოხსენიებულია აშშ უმთავრეს მოწინააღმდეგედ, რაც გულისხმობს აშშ-ს მთავარ სტრატეგიულ ამოცანად ჩინეთის შეკავებას.

       ჩინეთის შეკავების საკითხს ემატება ორასი წლის წინ (1823) მიღებული მონროს დოქტრინის რეინკარნაცია,რაც აუცილებლად მოითხოვს სამხრეთ ამერიკისაკენ სამხედრო-პოლიტიკური რესურსების მიმართვას.

     აშშ-ს გადაწყვეტილება, რომ ა) ნატოს წევრმა ქვეყნებმაგაზარდონ თავიანთი სამხედრო ხარჯები მთლიანი შიდა პროდუქტის 5%-მდე; ბ) ევროპას შეუძლია და ვალდებულია დაიცვას საკუთარი კონტინენტი, ხოლო თვითონ აშშ ნატოსთან ერთად ან მის გარეშე კონცენტრირებულიიქნება ჩინეთზე – ობიექტური და სწორი გადაწყვეტილებაა.

       როგორც სჩანს, აშშ-ს ევროპაში ყოფნის 80 წლიდან ისტორია სრულდება. ტრამპის ადმინისტრაციის აშშ-ში შეცვლის შედეგად ეს ტრენდი შენარჩუნდება. ცივილიზებული დასავლეთის გაგება, როგორც ტრანსატლანტიკური ერთიანობისა ეჭვის ქვეშ დგება.

       აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – კარდინალურად შეცვალოს ლიბერალური მსოფლიო სავაჭრო სისტემა (რომლის მთავარი არქიტექტორი, ორგანიზატორი და აქტორი, თვითონ იყო) სერიოზულად იმოქმედებს მსოფლიო გეოპოლიტიკაზე და გეოეკონომიკაზე.

     აშშ თვლის, რომ ლიბერალურმა მსოფლიო სავაჭრო სისტემამ საშუალება მისცა უცხოურ ქვეყნებს მიეღოთ სარგებელი აშშ-გან, როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდ ეკონომიკისაგან, აშშ-ის ხარჯზე და საჭიროა პროტექტიონისტულ სავაჭრო პოლიტიკაზე გადასვლა.

      ხანგრძლივი * და ტრილიონ დოლარიანი სავაჭრო დეფიციტი სერიოზული ეკონომიკური პრობლემაა აშშ-სთვის, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია ბოლო ათწლეულების ტრენდით – სამუშაო ადგილების გადატანით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და მექსიკაში. განვითარებულმა ქვეყნებმა, პროდუქციის შექმნისა და საბოლოო მოხმარების გრძელ ტექნოლოგიურ ჯაჭვში, ადგილზე დატოვეს მაღალი დამატებითი ღირებულების შექმნის პროცესი – საქონლის პროექტირება, დიზაინი, მარკეტინგი, წარმოების შრომატევადი პროცესი- შრომის დაბალი ღირებულების ქვეყნებში გადაიტანეს. საერთაშორისო კომპანიებისათვის ეს სქემა ბიზნესის თვალსაზრისით ძალზე მომგებიანი აღმოჩნდა.სარგებელი მიიღო მომხმარებელმაც, ფასის შემცირების გამო. მაგრამ ამ სქემამ სახელმწიფოს თვალსაზრისით სერიოზული უარყოფითი პრობლემები წარმოშვა:

*აშშ-ს საგარეო სავაჭრო ბალანსი 1893 წლიდან 1971 წლამდე დადებითი იყო. ამის შემდეგ იგი დეფიციტურია. „Capitalism in America. A. History. Alan Greenspan and Andrian wooldridge. Penuin press. New-York. p.299

 1. შემცირდა სამუშაო ადგილები განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით დამამუშავებელ მრეწველობაში.

    2. კოვიდ პანდემიამ შეახსენა საზოგადოებას, რომ ლიბერალური მსოფლიო სავაჭრო სისტემა მთელ მსოფლიოში განლაგებული ქსელით და საქონლის თავისუფალი და სწრაფი გადაადგილების მექანიზმით, არ ცვლის ექსტრემალურ პირობებში საკუთარი სახელმწიფოს უსაფრთხოების პირველ ადგილზე დაყენების აუცილებლობას, რაც განაპირობებს ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ საჭირო საქონლის ადგილზე წარმოების ვალდებულებას ან გარკვეული მარაგების ქონას.

    3. მსოფლიოში მზარდი პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირება აუცილებლად გამოიწვევს პოლიტიკურ ბანაკებად დაყოფას და შესაბამისად ვაჭრობის ფრაგმენტაციას. ვაჭრობაში მომგებიანობის პრინციპს ნაწილობრივ ცვლის სტაბილურობისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის პრინციპი. მიწოდების ჯაჭვები გახდება უფრო მოკლე (nearshoring) და მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდული (frendshoring), მზარდი პროტექციონისტული ტენდეციების გათვალისწინებით. ჩინეთის წინაშე საპირისპირო ამოცანა დგას , რაც შეიძლება ფართოდ გააღოს საგარეო ბაზრები, რათა ისარგებლოს თავისი კონკურენტული უპირატესობით.*

      განვიხილოთ აშშ-ის საგარეო ვაჭრობის მონაცემები 2025 წლისათვის. აშშ-ის ვაჭრობის სამინისტროს ეკონომიკური ანალიზის ბიუროს მონაცემებით აშშ-ის საქონლისა და მომსახურების ექსპორტმა შეადგინა 4,3 ტრლნ.დოლარი, იმპორტმა 4,3 ტრლნ.დოლარი (ზრდა 2024 წლის მაჩვენებლებთან 199 მლრდ. $ და 197 მლრდ. $ შესაბამისად. საგარეო სავაჭრო დეფიციტი წინა წელთან შედარებით შემცირდა 2 მლრდ.$-ით და შეადგინა 901,5 მლრდ. $. სასაქონლო დეფიციტის ზრდის პირობებში საერთო დეფიციტის შემცირება მიზეზია მომსახურებით ვაჭრობაში პროფიციტის ზრდა 27,2 მლრდ.$-ით 339 მლრდ.$-მდე (2025წ. მონაცემებით).

*იმედია არ გამეორდება ოპიუმის ომების ისტორია (1839-1860წწ) და ამჟამად ჩინეთი არ მოითხოვს თავისი სამხედრო ფლოტილიით ინგლისისა და დასავლეთის ბაზრების გახსნას.

       რაც შეეხება საქონლით საგარეო ვაჭრობას : ექსპორტი 2,2 ტრლნ. $ ( ზრდა წინა წელთან შედარებით 0,2 ტრლნ.$), იმპორტი-3,4ტრლნ.$ (ზრდა-0,1ტრლნ.$).

    2025 წელს აშშ-ის ექსპორტი ევროკავშირში წლის განმავლობაში გაიზარდა 44,6 მლრდ.$-ით და შეადგინა 414,4 მლრდ.$, იმპორტი კი გაიზარდა 26,5 მლრდ.$-ით და შეადგინა 632,2 მლრდ.$. აშშ სავაჭრო დეფიციტმა ევროკავშირთან შეადგინა 218,8 მლრდ.$ (კლება 17,1 მლრდ.$-ით).

    შემცირდა აშშ-ს საგარეო ვაჭრობა 2025 წ-ს ჩინეთთან. ექსპორტი შემცირდა 26%-ით, 106,3 მლრდ.$-მდე, ხოლო იმპორტი შემცირდა 30%-ით, 308,4 მლრდ.$-მდე. შესაბამისად დეფიციტი – 202,1 მლრდ.$.

     მნიშვნელოვნად გაიზარდა ვაჭრობა ტაივანთან: იმპორტმა ტაივანთან შეადგინა 2025 წელს 201,4 მლრდ.$ (116,2 მლრდ.$ – 2024წ.), ექსპორტი 54,6 მლრდ. $ (42,4 მლრდ.$ -2024წ.). აშშ. დეფიციტი შეადგინა 146,8 მლრდ.$, 2024 წლის 73,8 მლრდ. $-ის ნაცვლად. წლის განმავლობაში სერიოზულად გაიზარდა აშშ-ის იმპორტი ვიეტნამიდან 136,5-დან 193,8 მლრდ.$-მდე, ექსპორტი მინიმალურია და შეადგინა 15,6 მლრდ.$ (13 მლრდ-ის ნაცვლად).*

     ზემოთმოყვანილი ციფრები და ცხრილის მონაცემები თანხვედრაშია ჰარვარდის უნივერსიტეტის და დარტმუთის კოლეჯის თანამშრომლების კვლევასთან ტრამპის I და II საპრეზიდენტო პერიოდში აშშ-ს საგარეო ვაჭრობაზე ტარიფების ზემოქმედების შესახებ. მათი მოხსენება გამოქვეყნებულია ეკონომიკური კვლევის ამერიკის ნაციონალური ბიუროს (NBER) მიერ. მოხსენებაში ნათქვამია,რომ ტრამპის ტარიფები არ იწვევს შიდა ამერიკული წარმოების ზრდას. ჩინეთიდან შემცირებული მიწოდება შეიცვალა არა ამერიკული საქონლით, არამედ სხვა ექსპორტიორებით. ამასთან ხდება არა მიწოდების დივერსიფიკაცია, არამედ უმსხვილეს მომწოდებლებს შორის გადანაწილება.ამასთან არაპირდაპირი დამოკიდებულება ჩინეთზე მაინც დარჩა, რადგან მაკომპლექტებელი ისევ ჩინურია.

*გაზ. „Коммерсант“ 20.02.26წ. „ამერიკული ვაჭრობა გაიზარდა საბაჟო გადასახადების მეშვეობით“.

 
ქვეყანა
        2 0 2 5 წ.        2 0 2 4 წ.        2 0 2 3 წ.
ბრუნვაიმპო რტიექსპო რტიდეფიც იტიბრუნვაიმპო რტიექსპო რტიდეფიც იტიბრუნვაიმპო რტიექსპო რტიდეფიც იტი
1.მექსიკა802,3492,5309,8182,7839,5505,5334,0171,5798,8475,6323,2152,4
2.კანადა661,2351,2310,041,2761,8411,9349,962,0774,3421,1353,267,9
3.ჩინეთი385,2287,397,9189,4581,9438,7143,2295,5575,0427,2147,8279,4
4.ტაივანი.226,6176,749,9126,9158,8116,342,573,7127,687,839,848,0
5.ვიეტნამი189,4175,314,1161,2149,5136,513,0123,5124,2114,49,8104,6
6.გერმანია216,7140,875,965,0236,1160,475,784,7236,4159,776,783
7.იაპონია209,5133,875,758,1227,4148,479,069,4223,5147,376,271,2
8.ირლანდია147,2129,717,5112,2120,1103,316,886,599,282,316,965,3
9.სამხრეთ კორეა176,3113,462,950,5197,2131,665,666,0181116,264,851,4
10.შვეიცარია169,0101,367,733,688,363,32538,384152,227,924,3

     აშშ-სსაგარეო ვაჭრობის მთავარი პარტნიორები ( საქონლით ვაჭრობა ) 2023 – 2025 წწ;მლრდ. $*

*ცხრილში გამოყენებულია worldpopulationreview.com  US trade deficit by country 2025-ის მონაცემები.

        აშშ-ის წინაშე მდგარი ეკონომიკური პრობლემებიდან ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო ვალია, რომელიც შეადგენს 30 ტრლნ.$-ს. აქედან 9 ტრილიონ 270 მილიარდი დოლარი უცხო ქვეყნის ვალებია.* 2025 წლის მონაცემებით აშშ-ის სახაზინო ობლიგაციების ყველაზე დიდი მფლობელია იაპონია 1ტრლნ 185მლნ.$, შემდეგ მოდის დიდი ბრიტანეთი – 866 მლრდ.$; ჩინეთი – 683მლრდ.$ ; ბელგია – 477მლრდ.$ ; კანადა – 468მლრდ.$. აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში იაპონიამ და კანადამ გაზარდეს აშშ ობლიგაციების მოცულობა 124მლრდ.$-ით და 89მლრდ.$-ით, ჩინეთმა კი შეამცირა – 76მლრდ.$-ით. ამასთან ჩინეთისათვის ეს მაჩვენებელი ყველაზე დაბალია 2008 წლის შემდეგ. ჩინეთის მაქსიმუმი იყო 1,3ტრლნ. დოლარის ღირებულების აშშ სახაზინო ობლიგაციები 2013წ-ს.

     აშშ საახელმწიფო ვალის შემცირების საკითხი ძალზე რთულია. ეს არის კომპლექსური საკითხი რომელიც მოიცავს საგადასახადო პოლიტიკას, საგარეო სავაჭრო ტარიფებს, დოლარის კურსს, სახაზინო ობლიგაციების ფასს, ფედერალური სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთებს და ა.შ.

    აქსიომატური დებულებაა, რომ ვალი ხარჯის შემოსავალზე ნამეტია, მნიშვნელობა არა აქვს ეს იქნება შიდა მეურნეობა, თუ სახელმწიფო. სახელმწიფო ვალის შესამცირებლად უნდა გავზარდოთ სახელმწიფო შემოსავლები, რაც დაკავშირებულია გადასახადების ზრდასთან (მხოლოდ საგადასახადო ბაზის გაფართოება საკმარისი არ იქნება), ან შევამციროთ სახელმწიფო ხარჯები, (შემცირდება ეკონომიკური აქტივობა) მათ შორის სოციალურიც . ორივე შემთხვევაში დემოკრატიულ სახელმწიფოში ეს იწვევს ამომრჩევლის განაწყენებას მმართველი პარტიის მიმართ და ამ პარტიის გარანტირებულ დამარცხებას მორიგ არჩევნებში. ამდენად, სახელმწიფო ვალის შემცირებას სჭირდება ზუსტი ეკონომიკური ქმედება, პოლიტიკური გადაწყვეტილება და მმართველი პარტია, რომელიც სახელმწიფო ინტერესს თავის პოლიტიკურ ინტერესზე მაღლა დააყენებს. აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკური ისტებლიშმენტისათვის ნაკლებსავარაუდოა ასეთი მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი გადაწყვეტილების მიღება. მით უფრო, რომ ამ რთული საკითხის გადაჭრას არ ეყოფა 1 თუ 2 საარჩევნო ოთხწლიანი ციკლი. პრობლემა ძალზე სერიოზულია. იმედია, სწორი მართალი იყო დიდი უინსტონ ჩერჩილი,რომელმაც თქვა (ზუსტი წყარო არ არსებობს), რომ ამერიკელები ყოველთვის ღებულობენ სწორ გადაწყვრტილებას – მას შემდეგ, რაც მოსინჯავენ ყველა დანარჩენს.

*https://ticdata.treasury.gov/resource-center/data-chart-center/tic/Documents/slt_table5.txt.

        სახელმწიფო ვალის შემცირებასთანაა დაკავშირებული დოლარის საკითხიც. ბოლო ათწლეულების მანძილზე მცირება დოლარის წილი საერთაშორისო საბანკო რეზერვებში, საერთაშორისო ანგარიშსწორებაში, ვალუტებში ნომინირებული აქტების მოცულობაში. მაგრამ მისი ჰეგემონია მსოფლიო საფინანსო სისტემაში კვლავ ურყევია. არ არსებობს სხვა ვალუტა, რომელსაც არა თუ შეუძლია შეცვალოს იგი როგორც საფინანსო ჰეგემონი, არამედ გაუტოლდეს მას მნიშვნელობით უახლოეს პერიოდში.

   IMF  მონაცემებით* 2025 წლის III კვარტალში დოლარის წილი საერთაშორისო საბანკო რეზერვებში იყო 57% (2000 წლისათვის 70% იყო) ევროსი – 20%; იუანის 2-2,5%; იენა- 5-6%; ბრიტანული ფუნტი – 4-5%; სხვა დანარჩენი ≈ 10%.

     საერთაშორისო ანგარიშსწორებაში (SWIFT-ის მონაცემებით) 2025წ-ს დოლარის წილი იყო 47-49%; ევროსი-22-24%; ფუნტი-7%; იუანი-4-5%; იენა-4%.

     ვალუტებში ნომინირებული აქციების მოცულობა (სააქციო კაპიტალი) მთელს მსოფლიოში შეადგენს დაახლოებით 110-120 ტრილიონ დოლარს, აქედან დოლარშია ნომინირებული 55-60 ტრლნ.დოლარის აქციები, ევროში-12-14 ტრლნ.$; ჩინეთის კაპიტალიზაცია ჰონკონგის ჩათვლით 11-13 ტრლნ.$.

      „მიუხედავად ბოლო 12 თვის მანძილზე შემცირებისა, დოლარის გაცვლითი კურსი (რომელიც ითვალისწინებს ქვეყნებში ინფლაციის დონეს) 13%-ით მაღალი იყო თავის 30 წლიანი საშუალო მაჩვენებელზე. ჟურნალ The Economist-ის „ბიგ-მაკ“-ის ინდექსით (რომელიც ეყრდნობა „ბიგ-მაკის“ ფასებს სხვადასხვა ქვეყნებში), დოლარის კურსი მაღალია 70 ვალუტიდან 49 ვალუტასთან შედარებით“. **

      საგარეო სავაჭრო დეფიციტისა და სახელმწიფო ვალის შემცირების ამოცანისა და ფედერაციული სარეზერვო სისტემის საპროცენტო განაკვეთების შემცირების მიმდინარე ტრენდიდან გამომდინარე, ალბათ დოლარის კურსი განაგრძობს შემცირებას, მინიმუმ 3 წელი.

*IMF Data Brief: Currency Composition of Official Foreign Exchange Reserves

**The Economist. Just how debased is the dollar. 29.01.205. „რამდენად ძლიერად გაუფასურდა დოლარი?“  

              ე  ვ  რ  ო  პ  ი  ს     კ  ა  ვ  შ  ი  რ  ი. რუსეთ-უკრაინის ომმა, აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის არამეგობრულმა დამოკიდებულებამ ევროპისადმი და ჩინეთის ეკონომიკურმა ექსპანსიამ ნათლად წარმოაჩინა ევროპის სუსტი მხარეები: განუვითარებელი სამხედრო ინდუსტრია და აშშ-ს დახმარების გარეშე თავდაცვის უზრუნველყოფის შეუძლებლობა; მრავალრიცხოვანი სამართლებლივი ბარიერები ბიზნესის განვითრებაში და შესაბამისად ზრდის დაბალი ტემპები და ჩამორჩენა თანამედროვე ტექნოლოგიებში; მაღალი სოციალური ვალდებულებებით დატვირთული სახელმწიფო ბიუჯეტები; ერთიან ევროკავშირში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმის არქონა და წარმოქმნილ პრობლემებზე  დაგვიანებული რეაქცია; ჩინეთთან და აშშ-თან კონკურენციულ ბრძოლაში მარცხის საშიშროება.

     აშშ-ის მოთხოვნა ევროპის ქვეყნებისადმი სამხედრო ხარჯების გაზრდისა და საკუთარ უსაფრთხოებაზე მეტი ზრუნვის შესახებ ობიექტური და რეალურია. მაგრამ აქ უნდა გამოვყოთ 3 საკითხი:

       1.აშშ ევროპის დღევანდელი დაძაბული ურთიერთობისა და ხვალინდელი მოსალოდნელი კონფრონტაციების ფონზე აუცილებლად უნდა აღინიშნოს ერთო მნიშვნელოვანი ფაქტი : ორი მსოფლიო ომის შემდეგ ეკონომიკურად, პოლიტიკურად, იდეოლოგიურად, სამხედრო თვალსაზრისით დასუსტებული (განადგურებული თუ არა) დასავლეთ ევროპა ვერ შეძლებდა ეკონომიკურ აღორძინებას და თავდაცვას აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. აშშ-მა 80 წლის მანძილზე რეალურად საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო ევროპის თავდაცვა, რამაც საშუალება მისცა ევროპულ ქვეყნებს საკუთარი თავდაცვისათვის საჭირო თანხები ძვირი სახელმწიფო სოციალური პროგრამების დასაფინანსებლად გამოეყენებინა და შეექმნა დღევანდელი ევროპული კეთილდღეობა.

      2. აშშ-ის მხრიდან ნატოს ქვეყნების შანტაჟი ნატოდან გამოსვლის და გრენლანდიის ანექსიის შესახებ (არაფერი რომ არ ვთქვათ კანადის 51 შტატად გამოცხადების შესახებ) იმ დროს როდესაც ევროპის ქვეყნები ჩართული არიან პრაქტიკულად ომში რუსეთის წინააღდეგ, არადროულია და დიდ საშიშროებას უქმნის ნატოს მის აღმოსავლეთ ფლანგზე (ევროპისა და შესაბამისად უკრაინისათვის იარაღის მიყიდვა აშშ-სათვის ბიზნეს პროექტია, ხოლო სადაზვერვო მონაცემების გაზიარება უკრაინის მხარდამჭერი კონგრესისათვის ხარკის გადახდაა).აშშ-ს „ობიექტური მოსამართლის“ პოზიციაში ჩადგომა საერთო დასავლური ფასეულობების უგულებელყოფაა.

    3. ევროპის ქვეყნების მიერ აშშ-ს მოთხოვნის შესრულება სამხედრო ხარჯების გაზრდის შესახებ ნიშნავს დაახლოებით7 ტრილიონ ევრომდე გამოყოფას 2035 წლამდე. წარმოუდგენელია, რომ ევროპის ქვეყნების მიერ  გამოყოფილი ეს უზარმაზარი თანხა მათ ნატოს ბიუჯეტში გადაიხადონ, რათა ამერიკული იარაღი შეიძინონ და შესაბამისად ამერიკული სამხედრო ინდუსტრია განავითარონ. ევროპა სიამოვნებით იყო ამერიკული სამხედრო ქოლგის ქვეშ, სანამ მას იქ ყოფნა იაფი უჯდებოდა, დაახლოებით მშპ-ს 1,2-1,7%. როგორც კი ეს ხარჯები მიაღწევს 3,5-5%-ს, მაშინათვე დღის წესრიგში დადგება საკუთარი შეიარაღებული ჯარების შექმნის და აღჭურვის საკითხი.

      ევროპაში უკვე ამოქმედდა პროგრამა SAFE, ეკ-ში შეიარაღების ახალი ერთობლივი შესყიდვის სქემა, რომელიც მოითხოვს, რომ შესყიდული შეიარაღების კომპონენტების 65% წარმოებული უნდა იყოს ეკ-ში, ან მასთან ასოციაციის შეთანხმების მქონე ქვეყნებში.

      ეს უზარმაზარი თანხა საშუალებას მისცემს ევროპას სწრაფად განავითაროს საკუთარი სამხედრო ინდუსტრია, რაც ბიძგს მისცემს მთლიანად ეკონომიკის განვითარებას. სამხედრო ხარჯების ზრდა აუცილებლად გამოიწვევს ევროპის განვითარებულ ქვეყნებში მრავალი სოციალური პროგრამის შეზღუდვას ან გაუქმებას.

      ევროპის მიზანია რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნოს ნატო დღევანდელი სახით და იყოს ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ, რათა უკეთ მოემზადოს ევროპის თავდაცვის ახალი სისტემის შექმნისათვის, რომელიც კარდინალურად განსხვავებული იქნება დღევანდელისგან, სადაც ევროკავშირი თავისი ჯარით და სამხედრო შეიარაღებით თვითონ უზრუნველყოფს საკუთარ თავდაცვას და ატომურ შეკავებას.

     აშშ-ს ევროპაში ყოფნის დიდი პერიოდი (ისტორიისთვის კი ძალიან მცირე) დასასრულს უახლოვდება. მთავარია სამხედრო და პოლიტიკური ურთიერთობების (ეკონომიკური ურთიერთობები რამდენიმე ათეული წელია კონკურენტულ რეჟიმშია გადასული) გარდაქმნა მოხდეს თანდათანობით, სახელმწიფო ინტერესების ურთიერთპატივისცემით და მომავალი თანამშრომლობის ფართო შესაძლებლობებით. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ტრამპის დღევანდელი ადმინისტრაციისათვის ჩვეული მკვეთრი და მკვახე განცხადებები ევროპის მომართ და შეწყდეს მუქარა ევროპული სახელმწიფოს ანექსიის შესახებ.

       ევროკავშირმა უნდა დანერგოს გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმი*,

*The European Onion – როგორც ხუმრობით თქვა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა ვან დერ ვეელმა თქვა.

რომელიც მას საშუალებას მისცემს კონსესუსის გარეშე მიიღოს გადაწყვეტილება რაც  აუცილებელია ევროკავშირის გარდაქმნის დასაჩქარებლად; ფართოდ აწარმოოს „ღია კარების“ პოლიტიკა 2030 წლისათვის გაფართოების პროგრამის რეალიზაციისთვის (იმედია საქართველო იქნება ამ პოლიტიკის ბენეფიციარი), რათა შემდგომ რამდენიმე წელიწადი კონცენტრირდეს შიდა ევროპულ საკითხებზე; სხვადასხვა სოციალური, იურიდიული, ბიუროკრატიული ბარიერების მოხსნით ეცადოს ბიზნესისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას;ინსტიტუციონალური გარდაქმნებით აამაღლოს ევროპული  საფინანსო სისტემისა და ევროს მიმზიდველობა; თანამედროვე სამხედრო ინდუსტრიის განვითარებასთან ერთად შეიმუშავოს მაღალტექნოლოგიური დარგებისათვის სახელმწიფო მხარდაჭერის ფართო პროგრამა. „ევროპა შეეჯახა გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ განსაკუთრებულ გამოწვევებს.თუ კონტინენტი არ ჩადებს ინვესტიციებს თავის ეკონომიკაში და სწრაფად არ მოხსნის ბარიერების ზრდის გზაზე, მას გააქრობს ამერიკული ტექნოლოგიები და ჩინური იმპორტი“ *.

       ევროპის სამხედრო ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული როლი გერმანიამ უნდა ითამაშოს. მას აქვს ყველა რესურსი – მატერიალური, ფინანსური, რაც მთავარია მცირე სახელმწიფო ვალი. იგი უნდა გახდეს ევროპის გარდაქმნის ლოკომოტივი. გერმანიის კანცლერმა გამოთქვა დაპირება, შექმნას ევროპაში „ყველაზე ძლიერი არმია. მისი გეგმით გერმანიის სამხედრო ხარჯები გაიზრდება მშპ-ს 3,5%-მდე 2029 წ-ს, 6 წლით ადრე ნატოს მოთხოვნამდე“. შეიარაღების საერთო ხარჯები 2021 წელის 47 მილიარდი ევროდან გაიზარდება 2026 წლისათვის 108 მლრდ €-მდე. **

     *Emmanuel Macron declares a Europeanstate of emergency. ემანუელ მაკრონი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას ევროპაში. The Economist – 10.02.26 წ.

       ** „Can Germany rearms its way to growth?”

             „შეძლებს გერმანია მიაღწიოს ეკონომიკურ ზრდას გადაიარაღების ხარჯზე?“

             The Economist. 12.02.26 წ.

       ევროპა თავისი 450 მლნ, მოსახლეობით, 20 ტრლნ. $ მშპ-თი, მსოფლიო საგარეო ვაჭრობაში ყველაზე დიდი წილით – 15,8% * (აშშ-სა და ჩინეთის შესაბამისი მონაცემია 13,6% და 13,4%) შეიძენს მისი ეკონომიკის სესაბამის სამხედრო ძალას და პოლიტიკურ იდენტობას და გახდება მსოფლიო გადაწყეტილებების მიღების მესამე მსოფლიო ცენტრი აშშ-სა და ჩინეთთან ერთად ან დადგება დაშლის საშიშროების წინაშე. როგორც მაკ კარნიმ, კანადის პრემიერ-მინისტრმა დავოსის კონფერენციაზე (2026წ.) თქვა: „შენ ხარ მაგიდასთან, ან ხარ მენიუში“.

         ჩ ი ნ ე თ ი. ჩინეთის მზარდი პოლიტიკური და ეკონომიკური როლი მსოფლიოში ნათელია. მისი გეოპოლიტიკური მიზნები განსაზღვრულია მისი მზარდი სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის შესაბამისი ადგილის დამკვიდრების სურვილით მსოფლიოში და ტაივანის შემოერთებაში მისთვის სასურველი პოლიტიკური ფასის გადახდით. ჩინეთის საგარეო პოლიტიკა არაექსპანსიურია, ის ცდილობს თავი აარიდოს კონფრონტაციას (განსაკუთრებით აშშ-თან) სხვა ქვეყნებთან, რომელიც შეიძლება სამხედრო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამის მაგალითია ჩინეთის პასიური პოზიცია ვენესუელასა და ირანთან მიმართებაში, ასევე რუსეთისადმი არაგაცხადებული დახმარება სამშვიდობო განცხადებების ფონზე.

    ჩინეთის საგარეო პოლიტიკა მნიშვნელოვნად შეიცვლება ტაივანის შეერთების შემთხვევაში. მას გადაჭრილი ექნება მისთვის მთავარი, თითქმის 100 წლიანი ამოცანა და იგი უფრო გლობალურ ამოცანებს დაისახავს – მსოფლიო ოკეანეებში სტატუს-ქვოს შეცვლას (პირველ რიგში აშშ-ს და ბრიტანეთის შევიწროებას). ამ ამოცანის გადაჭრის პირველი ეტაპი იქნება მეზობელ სახელმწიფოებთან – ფილიპინებთან, ვიეტნამთან, მალაიზიასთან, ბრუნეისთან სამხრეთ-ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული საკითხების მშვიდობიანი თუ არამშვიდობიანი გზით მოგვარება.

    მსოფლიო შეძლებს კომუნისტური ჩინეთის შეკავებას თუ ის დაიცავს ტაივანის დამოუკიდედბლობას, რაც შესაძლებელია მხოლოდ საერთო დასავლური ძალებით. ან აშშ ახდენს ჩინეთის შეკავებას ფართო სტრატეგიული პარტნიორობით ევროპის, კანადის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, ფილიპინების, ავსტრალიის, ან მას მოუწევს ჩინეთისაგან თავის დაცვა მარტოდ დარჩენილს.

ჩინეთის ეკონომიკურ ექსპანსიას ხელს უწყობს მისი იდეოლოგიური დოგმა: მნიშვნელობა არა აქვს რა ფერია კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს (დენ სიაო-პინი). მთავარია ეკონომიკური და სახელმწიფო სარგებელი, მნიშვნელობა არა აქვს ვინ არის პარტნიორი – დემოკრატი სახელმწიფო მოღვაწე თუ სისხლიანი დიქტატორი.

    ჩინეთი 2026 წლის 1 მაისიდან უხსნის საქონელზე საბაჟო გადასახადს აფრიკის 53 ქვეყანას *, რათა კიდევ უფრო გაზარდოს მათთან საქონელბრუნვა, რომელმაც 2025წ-ს შეადგინა 348 მლრდ.$ (წლიური ზრდა-17,7%), აქედან ესპორტი 225 მლრდ.$ (ზრდა 25,8%).

    XIX საუკუნეში ეკონომიკურად ძლიერი დასავლეთი სამხედრო ძალით ხსნიდა ჩინურ ბაზარს, რათა შეეტანა თავისი საქონელი და კაპიტალი. სამწუხაროდ დღეს დასავლეთი (აშშ, ევროპა) არის თავდაცვის რეჟიმში. მაგალითისათვის ავტომანქანების ექქსპორტი ჩინეთიდან მთელს მსოფლიოში ბოლო რვა წლის განმავლობაში დაახლოებით 800%-ით არის გაზრდილი. „2026წლისათვის მოსალოდნელია ჩინური მანქანების ექსპორტის ზრდა 10-15%-ით და მიაღწევს 6,5-7 მილიონს, 2018წლის 750 ათასის ნაცვლად“.** იმედია, არ გამეორდება ისტორია და ამ ჯერად ჩინეთი არ მოითხოვს სამხედრო ფლოტილიით დასავლური ბაზრების გახსნას.

     ჩინეთის მსოფლიო ეკონომიკური ექსპანსია გრძელდება და უახლოეს წლებში უფრო ფართო ხასიათს შეიძენს. მის გეოეკონომიკურ გაფართოებას გარკვეულად აფერხებს და მომავალში შეიძლება სერიოზულად დაამუხრუჭოს იუანის, ჩინური ვალუტის მსოფლიო სარეზერვო ვალუტის განუვითარებლობას. იუანის წილი, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, საერთაშორისო საბანკო რეზერვებში, საერთაშორისო ანგარიშსწორებაში 2025 წლისთვის შეადგენს 2,88%-ს და 4,5%-ს შესაბამისად.

 *სიტუაციის მონიტორინგი ჩინეთში 16.02.2026წლისათვის.”Независиьая Газета“.18.02.26წ.

   ** The Economist-“Beuare Chinas schrinking car market.17.02.2026წ. „უფრთხილდი ჩინეთის საავტომობილო ბაზრის შემცირებას“.

 II მსოფლიო ომის შემდეგ სსრ კავშირი, როგორც კომუნისტური იმპერია, სერიოზული გამოწვევა იყო მთელი დასავლეთისათვის, პირველ რიგში ევროპისათვის და შემდგომ აშშ-თვის. ევროპისათვის იდგა პირდაპირი სამხედრო აგრესიის საშიშროება, ხოლო აშშ-თვის სსრ კავშირის საზღვაო ფლოტილიის მსოფლიო ოკეანეებში გასვლა და აშშ საზღვაო ფლოტილიისთვის დომინაციის შეზღუდვა და მისთვის მთელს მსოფლიოში სამხედრო ძალების თავისუფალი რეკოგნოსცირების ხელშეშლა. მაგრამ სსრ კავშირი იყო ეკონომიკურად სუსტი, ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი, სამხედრო ძალით გაერთიანებული ქვეყანა, რაც შეუძლებელს ხდიდა მის გამარჯვებას ერთიანი დასავლეთის წინააღმდეგ „ცივ ომში“.

     სხვა შემთხვევაა ჩინეთი. იგი დიდი და წარმატებული ისტორიით (ჩინეთი თავისი არსებობის 40 საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ყოველთვის ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანა იყო*), მოსახლეობით ( 1მლრდ. 405მლნ), უდიდესი ეკონომიკით (2025 წლისთვის მშპ-19,2 ტრლნ.$,ხოლო მშპ მსყიდველუნარიანობის პარიტეტის მიხდვით 40-43 ტრლნ.$), სწრაფად განვითარებადი სამხედრო ძალებით უკვე ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ, რომლის კონკურენცია (დაპირისპირება თუ არა) ნებისმიერ გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ სივრცესა და სფეროში, ძირითადად აშშ-თან და ნაწილობრივ ევროპასთან, იქნება შემდგომი ათწლეულის ძირითადი მსოფლიო დღის წესრიგის განმსაზღვრელი.

         *შედარებიათვის, „ჩინური საზღვაო ექსპედიცია სამხრეთ აზიაში, არაბეთში და აფრიკაში 1405წ. ადმირალ ჩჟენ ხეს მეთაურობით შედგებოდა 62 დიდი გემისაგან (თითოეულის  სიგრძე 150მ.) და 190 უფრო მცირე გემისაგან. ამ საზღვაო არმადაში მონაწილეობდა 27800 კაცი“. 87 წლის შემდეგ კოლუმბი გაემართა ამერიკისაკენ (უფრო ზუსტად ინდოეთისაკენ) სამი გემით (ყველაზე გრძელი 25 მეტრი იყო) და 90 კაცით.

დარონ აჯემოღლუ, ჯეიმს რობინსონი. „რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები. ქართული გამოცემა. ბაჩო ახალაიას სამხედრო-პოლიტიკური სკოლა, 2018წ. გვ.329

         ნ ა ვ თ ო ბ ი ს ა  დ ა  გ ა ზ ი ს  მ ი წ ო დ ე ბ ი ს  მ ა რ შ რ უ ტ ე- ბ ი ს   ც ვ ლ ი ლ ე ბ ა. მსოფლიო გეოპოლიტიკის მთავარი ხაზი მთელ XX საუკუნის მანძილზე იყო ქვეყნის ნავთობით გარანტირებული მომარაგების უზრუნველყოფა. XX საუკუნის ომებისა და სამხედრო კონფლიქტების დიდი ნაწილი, პირდაპირ თუ არაპირდაპირ, ნავთობთან იყო დაკავშირელი (ოსმალეთის იმპერიის დაშლა, პიერ-ჰარბორი,ერაყ-კუვეიტის ომი…)

   ფიქალის ნავთობმა და გაზმა აშშ ნავთობისა და გაზის უმსხვილეს იმპორტიორიდან უმსხვილეს ექსპორტიორად აქცია, რაც დროთა განმავლობაში გამოიწვევს აშშ-სა და სხვა ნავთობმომპოვებელ ქვეყნებს, მათ შორის ნავთობით მდიდარი არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის რევიზიას, რადგან ისინი სასიცოცხლოდ აუცილებელი საქონლის მიმწოდებლიდან ჩვეულებრივ სავაჭრო კონკურენტებად იქცნენ. დღეს ამერიკული სამხედრო ბაზები და ამერიკული იარაღით შეიარაღებული ადგილობრივი ძალები უზრუნველყოფენ არაბეთის ნახევარკუნძულის დაცვას, მაგრამ პერსპექტივაში ეს ურთიერთობები ობიექტურად შესუსტდება. კონკურენტებს შორის შესაძლოა სიტუაციური და არა ხანგრძლივი, სტრატეგიული თანამშრომლობა.

     შშ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ზოგადად ნავთობმომპოვებელი ქვეყნებისადმი დამოკიდებულების ცვლილების მაგალითია ერაყი. ქვეყანაში, სადაც  „ნავთობისა და გაზის დადასტურებული მარაგები მესამედზე მეტი  და მიმდინარე მოპოვების ორ მესამედზე მეტი ჩინურ კომპანიებზე მოდის. ჩინური კომპანიები ერაყში ერთობლივად ფლობენ 24 მილიარდი ბარელის მარაგებს და მოიპოვებენ 3 მლნ.ბარელს დღე-ღამეში.* ამასთან West Qurna-1-ს, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე რენტაბელურ საბადოს 2024 წლამდე ამერიკაში Exxonbllobie მართავდა, დღეს მას ჩინელები მართავენ (Qurpa -2-სანქციებამდე რუსული Lukoili მართავდა).

    ნავთობისა და გაზის საბადოების დამუშავების კონტრაქტები შეიცავენ დამუშავების ობიექტების სრული უსაფრთხოების უზრუნველყოფას ნებისმიერი საშუალებებით, რომელთაც ჩინური კომპანიები ჩათვლიან საჭიროდ. ამაში შედის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელთა განუსაზღვრელი რაოდენობა ობიექტზე და მის ირგვლივ. ასევე ერაყის რამდენიმე სამხედრო და სამოქალაქო საზღვაო პორტებისა და აეროპორტების გამოყენების უფლება ჩინური სამხედროების მიერ.

*Irags 7 Million bpd oil production Goal Droaus swift Response from Chinese Firms. By simoon Watkins. Art. 10.2025წ  . Oilprace.com.

    ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ აშშ-მიერ ერაყში წარმოებული თითქმის 20 წლიანი ომის, ასობით დახარჯული მილიარდების შემდეგ ერაყის ყველაზე ძვირფას ნავთობის საბადოებს ჩინელები მართავენ.ანალოგიური სიტუაციაა ირანშიც. დღეს ჩინეთის მიერ ზღვით იმპორტირებული 10,27 მილიონი ბარელი დღეში, დაახლოებით 13,4%, ირანული ნავთობია. თავის მხრივ ირანული ნავთობის ექსპორტის 80% ჩინეთზე მოდის ( ანალიტიკური სააგენტო Kpler-ის მონაცემებით) . ეს შეიძლება ნაწილობრივ იყოს არასწორი გათვლების შედეგი, მაგრამ მთავარი საბაზრო მოთხოვნაა, აშშ-ს არ ჭირდება დამატებითი ნავთობი.

      უახლოეს წლებში კიდევ უფრო გამყარდება ბოლო ათი წლის მანძილზე ჩამოყალიბებული ტრენდი – ნავთობისა და გაზის მსოფლიო ბაზარზე მთავარი მომხმარებელია და არა მწარმოებელი. აშშ ჩაერთო ამ კონკურენტულ ბრძოლაში, როგორც ერთ-ერთი უდიდესი ნავთობექსპორტიორი, რომლის მთავარი ამოცანაა გასაღების ბაზრების გაფართოება. ეს კონკურენტული ბრძოლა წარიმართება შედარებით ცივილიზებული ფორმით, სანამ შენარჩუნებული იქნება ნავთობის დოლარში ვაჭრობის ათწლეულობით ჩამოყალიბებული პრაქტიკა, რაც საშუალებას აძლებს აშშ-ს შეინარჩუნოს დოლარის, როგორც მთავარო საგარეო სავაჭრო ვალუტის სტატუსი (დაახლოებით 2 ტრლნ.$-ნავთობის დოლარზე ვაჭრობის მოცულობა). ამ წესის შეცვლა, ნავთობით ვაჭრობაში კონკურენციას, უფრო მძაფრს და ძალადობრივს გახდის.

       ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო.   საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები და მისი განვითარების პერსპექტივები მოცემული სტატიის კვლევის საგანს არ წარმოადგენს, მაგრამ თეზისების სახით, მოკლედ შეიძლება ვთქვათ შემდეგი:

   1. საქართველოს მომავალი ერთიან ევროპაშია. ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რომ შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომმა გახსნა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ევროკავშირში გაერთიანებით ჩვენ მივიღებთ მეტ უსაფრთხოებას; კანონის უზენაესობასა და წესებზე დამყარებულ ურთიერთობებს; 450 მილიონიან სამომხმარებლო ბაზარს და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების მნიშვნელოვან შესაძლებლობას.

          ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქის მთავარი სოციალური მიზანი არის ხანგრძლივი სიცოცხლე, უზრუნველყოფილი მოხუცებულობა, სამუშაო ადგილების ფართო არჩევანი, მაღალი ანაზღაურება. საქართველოს მოქალაქეებისათვის ამ მთავარი სოციალური მიზნების დაკმაყოფილება ევროკავშირში უფრო მაღალ დონეზეა შესაძლებელი.

     საქსტატის მონაცემებით საქართველოში მოსალოდნელი სიცოცხლის ხანგრძლივობა 2024 წელს შეადგენდა 74,9 წელს.აქედან მამაკაცების-70,5 წელი, ქალებისათვის-79,3წელი. ევროკავშირში 2024 წლის მაჩვენებლები ასეთია- საშუალო ასაკი- 81,7 წელი, მამაკაცები-78,7წელი, ქალები-84,0წელი.*

      საქართველოში ასაკობრივი პენსია 2025წ-ს დაახლოებით 210 ევრო იყო თვეში, ევროკავშირში საშუალო პენსია იყო 2023წ-ს დაახლოებით 1440 ევრო თვეში. ეს ციფრი ძალზე განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით. ყველაზე მაღალი პენსია ლუქსემბურგში, ნორვეგიასა დანიაში- 2500€ და მეტი თვეში. ყველაზე დაბალი იყო ბულგარეთში-373 ევრო თვეში.

      საქართველოში უმუშევრობის დონემ 2025წლის IV კვარტალში შეადგინა 13,3%, ევროკავშირში უმუშევრობის დონემ 2025წლის მაჩვენებლით შეადგინა 5,9%.**

      საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2025წლის III კვარტალში-2271ლარი, ანუ დაახლოებით 720 ევროა. 2024 წლისთვის ევროკავშირში საშუალო დასაქმებული ღებულობს 3320 ევროს თვიურ ხელფასს. ყველაზე მაღალი ხელფასებია ლუქსემბურგში ≈ 6900 €; დანიაში ≈ 600 €, ირლანდიაში ≈ 50090 €. ყველაზე დაბალი ხელფასებია – ბულგარეთში ≈ 1280 €, საბერძნეთი ≈ 1500 €, უნგრეთი ≈ 1540 €.

     საქართველოს ისტორია არის შეზღუდული (ხშირად ძალადობრივი) არჩევანის პირობებში გადაწყვეტილების მიღების მტკივნეული საუკუნეებრივი პროცესი. დღესაც ასეთი არჩევანია- ჩრდილოეთი თუ დასავლეთი, მაგრამ ასეთი თვალნათელი არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ, ალბათ ჩვენს ისტორიაში ნაკლებად მოიძებნება.

*ევროკავშირის მონაცემები აღებულია:

https://www.evronews.com/business/2025/12/20/.pension-income-across-europe-which-countries-offer-the-highest-pensions?

**https://www.geostat.ge/media/76851/სამუშაო-ძალის-მაჩვენებლები—2025-წლის-IV-კვარტალი.pd

  2. აშშ-ს როლი საქართველოში შემცირდება, რაც განპირობებულია აშშ-თვის რუსეთის საფრთხის შემცირებისა და ევროპიდან თანდათანობით გასვლით. სომხეთთან და აზერბაიჯანთან აშშ-ს დღევანდელი თანამშრომლობის დაწყება სიტუაციურია და ვერ მიიღებს დიდ განვითარებას რეგიონის მცირე მასშტაბისა და აშშ-ს ინტერესების სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გადატანის გამო.

     ჩვენს რეგიონში აშშ-ს ინტერესების სფეროს წარმოადგენს ირანი, როგორც ისრაელის სახელმწიფოს მტერი და შესაბამისად აშშ-ის მოწინააღმდეგე. ეს საკითხი ალბათ გადაიჭრება უახლოეს პერიოდში ირანის სამხედრო პოტენციალის დასუსტებით და მნიშვნელოვანი შეზღუდვით. რაც შეეხება აშშ-ს ინტერესს ირანის ნავთობ ინდუსტრიაში, ზევით შევეხეთ.

       3. რუსეთთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს ერთი მთავარი და ორი მნიშვნელოვანი საკითხი.

      მთავარი საკითხია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია. საქართველოს ნებისმიერი ეროვნული მთავრობის უპირველესი ამოცანა საქართველოს გაერთიანება უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რუსეთთან მიმართებაში ნებისმიერი საუბარი, დიალოგი, კონტაქტი, გადაწყვეტილება, მოლაპარაკება, ქმედება უნდა ემსახურებოდეს ოკუპაციის დასრულების საკითხს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი მიუღებელია. „რად გვინდა გზა, რომელსაც ტაძრამდე არ მივყავართ“.

      მნიშვნელოვანი საკითხები: ა)  რაც არ უნდა დასუსტდეს რუსეთი, მას ყოველთვის ექნება რესურსი სერიოზული ( თუ არა გამოუსწორებელი) ზიანი მიაყენოს მეზობელს. შესაბამისად, ყველა შესაძლო გზა უნდა იქნეს გამოყენებული მასთან სამხედრო კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად.

      ბ) უნდა შევინარჩუნოთ რუსეთთან ჰუმანიტარული და ეკონომიკური კავშირები. ჰუმანიტარული – რუსეთში მცხოვრები 100 ათასობით ქართველის ინტერესების დაცვის მიზნით და ეკონომიკური სარგებლის მიღების მიზნით. რუსეთთან ეკონომიკური საქმიანობა საქართველოსთვის მისაღები და ხელსაყრელია.

      საქართველო და სამეზობლო . ყარაბახის ომის დამთავრებამ მნიშვნელოვნად შეცვალა ჩვენი რეგიონი. სომხეთს, აზერბაიჯანს და თურქეთს შორის კომუნიკაციების ამოქმედება ასუსტებს ირანის და განსაკუთრებით რუსეთის როლს სამხრეთ კავკასიაში და აძლიერებს თურქეთის პოზიციებს.

     სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების განვითარების მიუხედავად მათი თანამშრომლობის პერსპექტივა

შეზღუდულია. სომხეთის ОДКБ-დან (რუსეთის საერთაშორისო სამხედრო ორგანიზაცია) გამოსვლა, დროის საკითხია.

     საქართველო, სომხეთისა და აზერბაიჯანისათვის, სასიცოცხლოდ აუცილებელი პარტნიორიდან, ჩვეულებრივ მეზობლად იქცა, აქედან გამომდინარე შესაძლო პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებით.

       სამხრეთ კავკასიაში თურქეთის მზარდი როლიდან გამომდინარე, პროდასავლური თურქეთი დააჩქარებს ჩვენს ინტეგრაციას ევროპაში და ავტორიტარული -სერიოზულად შეაფერხებს მას.

      ზანგეზურის სატრანსპორტო კორიდორი იქნება  „შუა დერეფნის“ კონკურენტი, მაგრამ ის ვერ ჩაანაცვლებს ჩვენს დერეფანს რთული ბუნებრივი პირობებით გამოწვეული შეზღუდული შესაძლებლობების გამო, მაგრამ ყოველთვის იქნება საქართველოსთან განსახილველი საკითხებისას ზემოქმედების ბერკეტი.

      ა ნ ა კ ლ ი ი ს  პ ო რ ტ ი. საერთაშორისო სატრანსპორტო მარშუტებისა და ნაკადების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის არსებობა და მისი ხარისხი, უსაფრთხოება და ტარიფები, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ტვირთი – გადასაზიდი საქონელი.

      თუ არსებობს გადასაზიდი ტვირთი, ის აუცილებლად მოძებნის გზას (ზოგჯერ ძვირს, ხიფათიანს, გრძელს), მაგრამ ის აუცილებლად მივა მომხმარებლამდე. მაგრამ თუ არ არის ტვირთი, ვერავითარი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ვერ იფუნქციონირებს. პორტი, აეროპორტი, რკინიგზა არ ქმნის გადასაზიდ საქონელს, ის არის შუამავალი მომწოდებელსა და მომხმარებელს შორის.

     ანაკლიის პორტში დასამუშავებელი ტვირთი, როგორც მოსალოდნელია, იქნება აზიიდან მომავალი ტვირთები ევროპისაკენ და არა პირიქით. შუა აზიიდან-ნედლეული, ჩინეთიდან მზა საქონელი. მაგრამ ძირითადი მაინც ჩინური საქონელი იქნება.

      რაც შეეხება ჩვენი ძირითადი პოლიტიკური პარტნიორების ინტერესებს (მათ შორის სამხედრო-პოლიტიკური) ანაკლიის პორტში: აშშ თავისი სტრატეგიული მიზნების ცვლილებიდან გამომდინარე თანდათანობით კარგავს შავ ზღვაში სამხედრო ინტერესებს (ეკონომიკური ინტერესი მას არასოდეს ქონია), რადგან თვლის, რომ შავ ზღვაში რუსეთის შეკავება ევროპამ და თურქეთმა უნდა შეძლონ.

      შედარებით მეტი ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ევროპას, განსაკუთრებით, რუმინეთს, კონსტანცის პორტთან თანამშრომლობისა, ან უკრაინას-ოდესის პორტის

დატვირთვისათვის, მაგრამ ევროპას უახლოეს წლებში არ ექნება დამატებითი საექსპორტო ტვირთები ანაკლიის პორტის დასატვირთად. სამხედრო თვალსაზრისით

ევროპისათვის ანაკლიის პორტი არასაინტერესოა, რადგან ევროპას თავად სჭირდება თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განახლება და უკრაინის სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერება, მათ შორის უკრაინული პორტების.

      თურქეთისათვის ანაკლია უმნიშვნელო, მაგრამ მაინც კონკურენტი იქნება (თურქეთის სამი ყველაზე დიდი პორტი წელიწადში ამუშავებს 70მლნ.ტ-დან 90მლნ.ტ. ტვირთს, თითოეული მათგანი).

     ყოველი ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, უახლოეს წლებში ანაკლიის პორტის ფუნქციონირება, ანუ მისი დატვირთვა ჩინური კომპანიის მონაწილეობის გარეშე შეუძლებელი იქნება. იდეალური იქნებოდა ქართულ – ჩინურ – ევროპული კონგლომერატის მიერ პორტის აშენება და მართვა.

        დ ა ს კ ვ ნ ა. დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ შემდეგი: 1. უახლოეს ათწლეულში აშშ შეინარჩუნებს მის წამყვან გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ პოზიციებს: ა) თუ არ გაზრდის დიდ სახელმწიფო ვალს და ჩამოაყალიბებს მისი კლების მყარ ტენდენციას; ბ) თანამედროვე ტექნოლოგიების და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში დარჩება ლიდერის პოზიციაზე და მოახდენს მის მონეტიზაციას. გ) შეამცირებს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის პოლიტიკურ პოლარიზაციას და ქვეყნის გარეთ განამტკიცებს ათწლეულების (ასწლეულების თუ არა) მანძილზე ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას.

      მიუხედავად ყველა ამ ამოცანის გადაჭრისა,  XXI საუკუნის აშშ-ს, არ ექნება ის უნიკალური როლი რომელიც მას ჰქონდა XX საუკუნეში.

       2. ჩინეთი ძალზე ახლოსაა გახდეს მსოფლიო გეოპოლიტიკის (გეოეკონომიკის უკვე არის) მეორე პოლუსი. ამისათვის ჩინეთმა : ა)ტაივანის შემოერთება უნდა შეძლოს დასავლეთთან სერიოზული სამხედრო დაპირისპირების გარეშე,კომფრონტაციის  გარდუვალობის შემთხვევაში, მაქსიმალურად გადასწიოს იგი  დროში, უკეთ მომზადებისათვის, როდესაც აშშ სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, მის მიერ მიყენებული ზარალი აშშ-სათვის იქნება მიუღებელი. ბ) მოახდინოს იუანის სრული კონვერტაცია და მსოფლიო სარეზერვო ვალუტად გადაქცევა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ეკონომიკური განვითარება გარკვეულ ეტაპზე შეფერხდება.

      3. ევროპა შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომის მთავარი ბენეფიციარი აღმოჩნდეს. თუ II მსოფლიო ომში გამარჯვების შედეგად სსრ კავშირმა ევროპა გაყო, რუსეთი დღევანდელი ომით აჩქარებს ევროპის გაერთიანებას. ამ ომის გარეშე დემოკრატიულ მთავრობებს ევროპაში გაუჭირდებოდათ თავიანთი ამომრჩევლების დარწმუნება

სამხედრო ხარჯების მნიშვნელოვან გაზრდაში და ეროვნული სუვერენიტეტის საერთო ევროპის სასარგებლოდ ნაწილობრივ დათმობაში, საერთო ევროპული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობაში.

      დღეს,ევროპა მნიშვნელოვნად ზრდის სამხედრო ინდუსტრიას, ქმნის მექანიზმებს ბიუროკრატიული ბარიერების მოსახსნელად ეკონომიკური განვითარების დაჩქარებისათვის; ამთავრებს ინსტიტუციონალურ გარდაქმნებს გადაწყვეტილებების მიღების სისტემის ჩამოყალიბებაში, რაც საშუალებას მისცემს მას, გდაჭრას უახლოეს ათწლეულში მის წინაშე მდგარი შემდეგი საკითხები: ა) რუსეთის, როგორც ევროპისათვის მთავარი საშიშროების, განეიტრალება; ბ) ამერიკული თავდაცვითი  სისტემის საერთო ევროპული სისტემით შეცვლა. გ) ჩინური ეკონომიკური ექსპანსიის შეჩერება, აშშ-ს საექსპორტო ბაზრის შენარჩუნება და ეკონომიკური კავშირების გაფართოება მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებში.

       აღნიშნული საკითხების გადაჭრა ევროპას საშუალებას მისცემს მართოს მსოფლიო გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროცესები აშშ-თან და ჩინეთთან ერთად.

         

  გ ა მ ო ყ ე ნ ე ბ უ ლ ი   ლ ი ტ ე რ ა ტ უ რ ა 

1.ფარიდ ზაქარია. „რევოლუციების ეპოქა“. ქართული გამოცემა. თბილისი, გამომც. „ინტელექტი“. 2025წ.

2. დარონ აჯემოღლუ, ჯეიმს რობინსონი „რატომ ვერ აღწევენ წარმატებას სახელმწიფოები. ქართული გამოცემა. ბაჩო ახალაიას სამხედრო-პოლიტიკური სკოლა.თბილისი. 2018წ.

3. Alan Greenspen and Adrian Wooldridge. “Capitalism in America. A History. Penguin press. Neu-York. 2018.

4. Klaus Schuab with Peter Vanham. „Stakeholder capitalism“. 2021 by World Economic Forum

5.Роберт Макнелли. „Нефть и волатильность” . Изд. Института Гаидара. Москваю 2022

6.The Economist. 29.01.2026წ.

7. The Economist.10.02.2026წ.

8. The Economist.12.02.2026წ.

9. The Economist.17.02.2026წ.

გაზ. „Коммерсант“. 20.02.2026წ.

გაზ. Независимая Газета . 16.02.2026წ.

         სტატიატიკური მასალები:

Eurostat-ec. Europa-eu/eurostat

World bank-data-worldbank-org.

IMF-int.org/en/Data.

საქსტატი-geostat.ge

       ინტერნეტ რესურსები:

Hydrocarbonprocessing.com. 13.01.2026

www.worldpopulationgewiew.com

www.ticdaka.treagery.gov.www.Oilprace.com

ნაშრომი გამოქვეყნებულია ჟურნალში ,,ეკონომიკური პროფილი” , ტომი21. 2026წ.

ნოდარი ჭითავა, ეკონომიკის დოქტორი