Union Legal-ის მორიგი წარმატება თბილისის სააპელაციო სასამართლოში

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში „იუნიონ ლეგალის“ (Union Legal) იურიდიულმა გუნდმა ადმინისტრაციულ დავაში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ჩვენი კლიენტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

სასამართლომ უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ნაწილში, ხოლო სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გააუქმა იგი და მუნიციპალიტეტის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს დაავალა ჩვენი კლიენტის სასარგებლოდ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გამოცემა.

დავის არსი და კონტექსტი

სამართლებრივი დავა ეხებოდა მუნიციპალიტეტის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ გახანგრძლივებულ ელექტრონულ აუქციონს. ჩვენმა კლიენტმა აუქციონში კანონის სრული დაცვით მიიღო მონაწილეობა და ვაჭრობის შედეგად სრულიად სამართლიანად გამოვლინდა გამარჯვებულად.

მიუხედავად ამისა, ადმინისტრაციულმა ორგანომ იმავე დღეს, არასაკმარისი დასაბუთებით, „ტექნიკური ხარვეზის“ მოტივით, უკანონოდ გააგრძელა უკვე დასრულებული აუქციონის ვადა. ამ უკანონო გადაწყვეტილებით უხეშად დაირღვა ჩვენი კლიენტის კანონიერი ინტერესები — მას უსაფუძვლოდ ჩამოერთვა ვაჭრობის შედეგად მოპოვებული გამარჯვების გამოყენების უფლება.

სასამართლოს  შეფასება

თბილისის სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა Union Legal-ის იურიდიული გუნდის პოზიცია და საქმის გარემოებების ყოველმხრივი გამოკვლევის შედეგად რამდენიმე ფუნდამენტური გარემოება დაადგინა.

პირველ რიგში, საქმეში წარმოდგენილი სპეციალისტის დასკვნითა და ობიექტური მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ აუქციონის მიმდინარეობისას ელექტრონული სისტემა შეფერხების გარეშე ფუნქციონირებდა და მან წარმატებით დააგენერირა სწორედ ჩვენი კლიენტი გამარჯვებულად.

ამასთან, სასამართლომ განმარტა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობითა და საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული წესი არ ითვალისწინებს აუქციონის დასრულებისა და გამარჯვებული პირის გამოვლენის შემდეგ ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე მითითებით ასეთი ვადის ცვლილება დაუშვებელია, რადგან აღნიშნული უხეშად არღვევს სამართლებრივი სახელმწიფოსა და სტაბილური ეკონომიკური ბრუნვის პრინციპებს.

შესაბამისად, ვინაიდან ვადის გაგრძელების შესახებ მიღებული აქტი მიჩნეულ იქნა უკანონოდ და გამოცხადდა ბათილად, სააპელაციო სასამართლომ შეცვალა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, ადმინისტრაციულ ორგანოს დაავალა გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის გაცემა და ჩვენი კლიენტის სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.

 აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ მკაფიოდ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოები მკაცრად ვალდებულნი არიან იმოქმედონ კანონით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში. საჯარო აუქციონის დასრულების შემდგომ მისი შედეგების თვითნებური გადასინჯვა ლახავს მონაწილეთა კანონიერ ნდობასა და უფლებრივ უსაფრთხოებას. მიღებული განჩინება წარმოადგენს მნიშვნელოვან პრეცედენტს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და კერძო საკუთრების დაცვის გარანტირების გზაზე.